მინეაპოლისში შესაძლოა, პოლიციის დეპარტამენტი დაშალონ
08/06/2020 16:33:20 მსოფლიო
ქალაქ მინეაპოლისის საქალაქო საბჭოს წევრთა უმრავლესობა პოლიციის დეპარტამენტის დაშლის მომხრეა. ეს პოზიცია მათ პოლიციელთა მიერ დაკავებისას აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებისა და ამის საფუძველზე აშშ-ში დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე დააფიქსირეს.
კვირის მიტინგზე საქალაქო საბჭოს 12 წევრიდან 9-მ განაცხადა, რომ მხარს უჭერს პოლიციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ორგანიზების ალტერნატიული სისტემით ჩანაცვლებას.
ფორმალურად ეს გეგმა ჯერ დამტკიცებული არ არის. თუმცა საქალაქო საბჭოს შესაბამისი უფლებამოსილებები გააჩნია, ვინაიდან მუნიციპალური პოლიცია ადგილობრივ ხელისუფლებას ექვემდებარება.
თავის მხრივ, ქალაქის მერმა ჯეიკობ ფრემ განაცხადა, რომ ამჟამინდელი სახით ინიციატვას მხარს არ უჭერს, რასაც დემონსტრანტები სტვენით შეხვდნენ.
პოლიციის დეპარტამენტის დაფინანსების შეწყვეტა საპროტესტო აქციების მონაწილეთა ნაწილის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს. ისინი პოლიციას რასობრივი და ეთნიკური უმცირესობების მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენ. დემონსტრანტების ნაწილი თვლის, რომ პოლიციელთა რაოდენობა უნდა შემცირდეს და მთლიანობაშიც, პოლიციას რიგი უფლებამოსილებები უნდა ჩამოერთვას. ისინი გამოდიან ინიციატივით, იმ სახსრების ნაწილი, რომელიც პოლიციას ხმარდება, სოციალურ საჭიროებებზე და “საზოგადოებრივი ორგანიზატორების” ქსელის გაფართოებაზე მიიმართოს, რომლებიც ქალაქის ყოველი თემის პრობლემებითა და კონფლიქტების პრევენციით დაკავდებიან.
ჯორჯ ფლოიდის დაღუპვა აშშ-ის ასობით ქალაქში საპროტესტო გამოსვლების მიზეზად იქცა. მათი მონაწილეები ინსტიტუციონალური რასიზმის აღმოფხვრას მოითხოვენ. ისმის სოციალური მოთხოვნებიც. საპროტესტო აქციების მონაწილეთა უმრავლესობა მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეა.
ტრამპის მოწინააღმდეგე, პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან ჯო ბაიდენი ორშაბათს ჰიუსტონში ჩადის, სადაც დაკრძალვამდე ჯორჯ ფლოიდის ოჯახის წევრებს შეხვდება, - იუწყება “ამერიკის ხმა”. თავად დაკრძალვა ხვალისთვისაა დაგეგმილი.
კვირას ბაიდენს მხარდაჭერა გამოუცხადა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, რესპუბლიკელმა ქოლინ ფაუელმაც.ელიან, რომ ტრამპის წინააღმდეგ წავა კიდევ ერთი გავლენიანი რესპუბლიკელი, სენატორი მიტ რომნიც. იგი ერთადერთი რესპუბლიკელი კონგრესმენია, რომელმაც მარშებში ლოზუნგით BlackLivesMatter მიიღო მონაწილეობა და ამის გამო პრეზიდენტის კრიტიკა დაიმსახურა.
ამასთან, რესპუბლიკურ პარტიაში ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი კვლავინდებურად ძალზე მაღალი – 90%-ზე მეტია.


