ჯანმო–ს წარმომადგენელი: „ევროპაში მომავალ ზამთარს კორონავირუსის უფრო მომაკვდინებელი ტალღაა მოსალოდნელი“
08/06/2020 12:25:31 მსოფლიო
ევროპაში მომავალ ზამთარს კორონავირუსის მეორე, უფრო მომაკვდინებელი ტალღაა მოსალოდნელი, ვინაიდან ის შესაძლოა, სხვა ვირუსებსაც დაემთვეს– ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ექიმმა ჰანს კლუგემ „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, „ახლა არა ზეიმის, არამედ მზადების დროა“.
„ძალიან შეშფოთებული ვარ მეორე ტალღის გამო – შემოდგომით, ჩვენ შესაძლოა, „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღა და სეზონური გრიპისა და წითურის კიდევ ერთი ტალღა ვიხილოთ. ორი წლის წინ ჩვენ გვყავდა 500 ათასი ბავშვი, რომლებსაც წითურის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა არ ჰქონდათ გაკეთებული. [...]ისტორიიდან ჩვენ ვიცით, რომ პანდემიების დროს ქვეყნებს, რომლებიც არ დაზარალდნენ ადრეულად, შესაძლოა, მეორე ტალღა დაატყდეთ თავს “, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
როგორც ექიმი განმარტავს, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში და იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების კლება არ ნიშნავს, რომ პანდემია დასასრულს უახლოვდება და ქვეყნებმა ეს დრო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებისთვის, ინტენსიური თერაპიის განყოფილებების შესაძლებლობების გაზრდისთვის უნდა გამოიყენონ.
ექიმი კლუგეს თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო მკურნალობის ან ვაქცინის არარსებობა ნიშნავს, რომ შეზღუდვების ნებისმიერი მოხსნა უნდა მოხდეს სიფრთხილით და ეტაპობრივად.


