ექსპერტები რუსეთში მასობრივ პროტესტს პროგნოზირებენ
05/06/2020 15:56:44 მსოფლიო
რუსეთის მოქალაქეების ნახევარი შიშობს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება მასშტაბურ სოციალურ-პოლიტიკურ რყევებში გადაიზრდება, - ასეთია სოციოლოგ სერგეი ბელანოვსკის ჯგუფის მიერ ჩატარებული მორიგი კვლევის – “2020 წელს რუსულ საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური განწყობების ახალი სპექტრი” შედეგები. სწორედ ბელანოვსკის ჯგუფმა იწინასწარმეტყველა თავის დროზე, 2011-2012 წ.წ. მოსკოვში, ბოლოტნაიას მოედანზე განვითარებული ცნობილი მოვლენები.
“ისევე, როგორც 2011-2012 წ.წ., ახლაც რუსულ საზოგადოებაში სერიოზული იდეოლოგიური ცვლილებები ხდება. ფედერალური ხელისუფლებისადმი ნეგატიური დამოკიდებულების ტრენდი, რომელმაც ფორმირება ჯერ კიდევ მაშინ – 9 წლის წინ დაიწყო და ახალი ძალით წარმოიშვა 2018 წელს, “ყირიმული შესვენების” შემდეგ, კორონავირუსის პანდემიის ფონზე მკვეთრად გაძლიერდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება თავად პანდემიის წარმოშობაში დამნაშავე არ იყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების რეიტინგი ამჯერად მის მხარდამჭერებშიც იკლებს, ნეგატიური გამონათქვამების მთავარ ობიექტად კი პირადად პრეზიდენტი პუტინია ქცეული. მის მიმართ მთავარი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ პუტინმა მასზე დამყარებული იმედები არ გაამართლა და ჩამოაყალიბა სახელმწიფო სისტემა, რომელიც არ მუშაობს” – აღნიშნულია კვლევის შედეგების შესახებ მოხსენებაში.
ექსპერტებს, რომლებიც რუსეთში მასობრივ პროტესტს პროგნოზირებენ, ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად “მოსახლეობის გაბოროტებულობა და ხელისუფლების ცინიზმი” მოჰყავთ. ხოლო ისინი, ვინც მასობრივ პროტესტს არ ელიან, ამის უმთავრეს მიზეზად რეპრესიების შიშს ასახელებენ.
მოხსენების ავტორები ორი სოცილოგიური კვლევის მონაცემებს ეყრდნობიან, რომლებშიც 7817-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, 236 მოქალაქე სატელეფონო ინტერვიუს სახით გამოიკითხა.
ხელისუფლების მიმართ აგრესიული განწყობების ზრდაზე მიუთითებენ ასევე ეკონომისტი მიხეილ დმიტრიევი და ფსიქოლოგი ანასტასია ნიკოლსკაია, რომლებმაც ასევე ჩაატარეს სიღრმისეული კვლევები, - წერს “The Insider”.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, მსგავსი რამ 2018 წელსაც კი არ ხდებოდა, როცა ქვეყანაში საპენსიო ასაკი გაზარდეს. მოლოდინები, რომლებსაც მოქალაქეები ხელისუფლებას უკავშირებენ, პანდემიის პერიოდში მკვეთრად შეიცვალა და სულ უფრო ნაკლები რაოდენობის მოქალაქეები ელიან, რომ მმართველი ძალა პრობლემების ეფექტურად გადაჭრას შეძლებს, - აღნიშნავენ მკვლევარები.
ეს, დოკუმენტის ავტორების აზრით, ფედერალური ხელისუფლების გამართლების ტრენდითაც დასტურდება. “ლევადა-ცენტრის” მონაცემებით, პრეზიდენტის თანამდებობაზე პუტინის საქმიანობის დადებითად შემაფასებელი რესპონდენტების რაოდენობა აპრილ-მაისში 59%-მდე შემცირდა; პუტინისადმი ნდობის რეიტინგი კი, 2017 წლის ნოემბერთან შედარებით, თითქმის განახევრდა და 25%-ს უტოლდება.


