უფლებადამცველები თეთრ სახლს დემონსტრანტების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ
05/06/2020 10:09:30 მსოფლიო
აშშ-ის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირმა (ACLU) - ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და ავტორიტეტულმა ამერიკულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ – დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა, რომელშიც მას ამერიკელთა შეკრების თავისუფლების დარღვევაში ადანაშაულებს, - იუწყება “Associated Press”.
ACLU-ს შეფასებით, პოლიციამ უკანონოდ დაშალა მშვიდობიანი დემონსტრაცია თეთრი სახლის წინ მდებარე ლაფაიეტის მოედანზე მხოლოდ იმისათვის, რომ პრეზიდენტ ტრამპს მისცემოდა შესაძლებლობა, ეს მოედანი დაუბრკოლებლად და უსაფრთხოდ გადაეკვეთა გზად წმინდა იოანეს სახელობის ტაძრისაკენ, რომლის ფონზეც მან ბიბლიით ხელში ფოტო გადაიღო.
სარჩელის თანახმად, პრეზიდენტი ტრამპი, გენერალური პროკურორი ბარი და სხვა ოფიციალური პირები “მომიტინგეთა უფლებების დარღვევის მიზნით უკანონო შეთქმულებაში შევიდნენ”.
1 ივნისის ეპიზოდმა მედიაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. პრეზიდენტმ ტრამპმა ფოტო გადაიღო იმ ტაძრის ფონზე, რომელსაც ერთი დღით ადრე მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს. კრიტიკოსებმა პრეზიდენტი “უადგილო თვითრეკლამირებაში” დაადანაშაულეს. გენერალური პროკურორი ბარი კი ირწმუნება, რომ მოედანი დემონსტრანტებისგან თეთრი სახლის ირგვლივ უსაფრთხოების დამატებითი ზონის შექმნისთვის გაათავისუფლეს.
- მინეაპოლისში დაკავებისას 46 წლის აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდის დაღუპვამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო ტალღა გამოიწვია. რამდენიმედღიანი არეულობის შემდეგ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ვაშინგტონში უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ქვედანაყოფები, გამოძიების ფედერალური ბიუროს, ციხეების სამმართველოს, სასაზღვრო სამსახურის, პარკების დაცვის სამმართველოს, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის სამსახურის ძალები შეიყვანეს.
- ზოგიერთი ამერიკელი კანონმდებელი მწვავედ აკრიტიკებს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, უფლება მიეცა ამ სამსახურების თანამშრომლებისთვის, ქალაქში პატრულირებისას თვითიდენტიფიცირება არ მოეხდინათ.
- წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტს წერილით მიმართა, რომელშიც გამოხატავს “შეშფოთებას ქალაქის მილიტარიზაციის” გამო და წერს, რომ “ამან შესაძლოა, ქაოსი გაზარდოს”.
- პრეზიდენტის განზრახვამ, ამერიკული ქალაქების ქუჩებში წესრიგის დასამყარებლად საქმეში ჯარი ჩაერთო, ასევე ხმამაღალი კრიტიკა გამოიწვია. ოთხშაბათს თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას. თავდაცვის ექს-მინისტრი ჯიმ მეტისი კი საპოლიციო ოპერაციებში ჯარის მონაწილეობის წინააღმდეგ გამოვიდა.
- ხუთშაბათს 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის 20 მედესანტე ვაშინგტონის სიახლოვეს მდებარე ბაზის რეზერვიდან ჩრდილოეთ კაროლინაში, ფორტ ბრაგში, ყაზარმებში დაბრუნდა.


