
„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორი: „საპატრიარქოს განცხადება შეიძლება, აღვიქვათ ძალადობისკენ მოწოდებად“
14/06/2019 13:16:30 სხვა, საზოგადოება
"საპატრიარქოს განცხადება, რა თქმა უნდა, შეიძლება აღვიქვათ ძალადობისკენ მოწოდებად", – აცხადებს "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი.
“ეს განცხადება, რა თქმა უნდა, შეიძლება, აღვიქვათ ძალადობისკენ მოწოდებად. მით უმეტეს, როცა ჩვენ ვნახეთ 2013 წლის 17 მაისის მოვლენები და დავინახეთ, რასაც აკეთებდნენ მაშინ ეკლესიის წარმომადგენლები. თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, სადაც ყველას გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული. საპატრიარქოს, რა თქმა უნდა, აქვს სრული უფლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი ლგბტ ადამიანებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს ძალადობაში და როგორღაც მშვიდობიანად შევძლოთ ერთ ქვეყანაში თანაარსებობა”, – განაცხადა თაბაგარმა.
ცნობისთვის: საქართველოს საპატრიარქომ დღეს 18-23 ივნისს დაგეგმილი "თბილისი პრაიდის" კვირეულის შესახებ განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვან ღონისძიების ჩატარება.
საპატრიარქოს განცხადება:
“ცხოვრების წესი, რომლსაც LGBT პირები ეწევიან, სოდომურ ცოდვას წარმოადგენს და ამდენად ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ სარწმუნოებას და ტრადიციული რელიგიების მოძღვრებებს, ისე ზოგადად მორალურ ღირებულებებს.
ხაზს ვუსვამთ, რომ ეკლესია ემიჯნება ცოდვას, მაგრამ არა მონანულ ცოდვილს, რომელსაც სიყვარულით იწყნარებს და ეხმარება ღმერთთან დაბრუნებაში.
სამწუხაროდ, LGBT გარკვეული ჯგუფები და მათი მხარდამჭერები უცხო ქვეყნებს ისე აწვდიან ინფორმაციას, თითქოს საქართველოში ისინი დიდად შევიწროებულნი და დევნილნი არიან და ამ მოტივით სერიოზულ დაფინანსებას იღებენ. მათ სურთ თავისი აქტივობა ისე წარმოაჩინონ, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სინამდვილეში კი ეწევიან თავისი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და პროპაგანდას და მისი ოფიციალურად დაკანონება აქვთ განზრახული.
როდესაც მცირე ჯგუფი ცდილობს თავისი პოზიცია თავს მოახვიოს მთელ მოსახლეობას, ეს, თავისთავად, იწვევს მკვეთრ უკურეაქციას, ვინაიდან წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას, უმრავლესობის ღირსების შეურაცხყოფას, მათ არჩევანზე ძალადობას და ამდენად არის მაპროვოცირებელი არეულობისა და დაპირისპირებისა.
ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და ამავე დროს ვაცნობიერებთ რა დიდ საშიშროებას, რომელიც შეიძლება ე. წ. გეი-პრაიდის ჩატარებას მოჰყვეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, რომელიც წინასწარვე არის ცნობილი, რომ გამოიწვევს საზოგადოებრივ შფოთს.
ასევე მოვუწოდებთ და ვთხოვთ საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა ინსტიტუციებს, რათა გამოიჩინონ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება ქართველი ხალხისათვის ამ მეტად მგრძნობიარე საკითხისადმი და ნუ წაახალისებენ ჩვენს ქვეყანაში მსგავს აქტივობებს; ამით ისინი ხელს შეუწყობენ სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებას და გამოხატავენ ჩვენი მოსახლეობისადმი პატივისცემასა და მხარდაჭერას”.
ცნობისთვის: 31 მაისს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, "თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია“. იმავე დღეს "თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ შეილახა აქციისა და მანიფესტაციის გამართვის უფლება, რისთვისაც ისინი სტრასბურგის სასმართლოს მიმართავენ. მათივე თქმით, შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, "თბილისი პრაიდის" გუნდი აგრძელებს კვირეულის ორგანიზებას.
18-23 ივნისის ჩათვლით ლგბტქი თემი თბილისში სიამაყის კვირეულის გამართვას გეგმავს. "თბილისი პრაიდის" ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის – მსვლელობა.