აზერბაიჯანში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6500–ს გადააჭარბა
05/06/2020 06:26:28 მსოფლიო
აზერბაიჯანში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6500–ს გადააჭარბა. დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 2 დამიანი დაიღუპა და 262 დაინფიცირდა.
ბოლო პერიოდში აზერბაიჯანში Covid-19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება. 6–7 ივნისს ქვეყნის დიდ ქალაქებში მცხოვრებ მოსახლეობას სახლიდან გასვლა ეკრძალებათ.
მთავრობის განკარგულების თანახმად, ხსენებულ პერიოდში დიდ ქალაქებში, მათ შორის ბაქოში მცხოვრებ მოქალაქეებს სახლის დატოვების უფლებას პოლიცია იმ შემთხვევაში მისცემს, თუ ისინი საავადმყოფოში ან ნათესავის დაკრძალვის ცერემონიაზე წასვლას აპირებენ.
6–7 ივნისს ქვეყნის მასშტაბით ყველა მაღაზია დაიხურება, შეჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში ახალმა კორონავირუსმა 78 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 6522 შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 393 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 700 000–ს გადააჭარბა, 3 253 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 805-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 650 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.


