სამხრეთ კორეაში პროკურორებმა Samsung-ის ფაქტობრივი მმართველის დაპატიმრების ორდერი გამოითხოვეს
04/06/2020 10:22:09 მსოფლიო
სამხრეთ კორეაში პროკურორებმა Samsung-ის ფაქტობრივი მმართველის – ლი ჯე იონის დაპატიმრების ორდერი გამოითხოვეს.ლი ჯე იონი კონცერნში შემავალი კომპანიების აქციების ფასებით მანიპულირებასა და აუდიტის პროცედურის დარღვევაშია ეჭვმიტანილი. გამოძიება თვლის, რომ ამ გზით იგი ბიზნესზე საკუთარი კონტროლის გამყარებას ცდილობდა.
თავად მილიარდერი, რომლის ქონებას Forbes-ი 6,3 მლრდ დოლარად აფასებს, ბრალეულობას უარყოფს.
2017 წელს ლის უკვე ჰქონდა მისჯილი 5 წელი ყოფილ პრეზიდენტ პაკ კინ ხეს სახელთან დაკავშირებული კომპანიებისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით. თავად ყოფილი პრეზიდენტი კორუფციის ბრალდებით 25-წლიან სასჯელს იხდის.
- Samsung-ის ბიზნესზე, სხვადასხვა გათვლით, სამხრეთ კორეის ეკონომიკის 17% მოდის. კონცერნი აწარმოებს ელექტროტექნიკას, ქიმიურ პროდუქციას, იარაღს, მძიმე მრეწველობის პროდუქციას, ხომალდებს, დაკავებულია მშენებლობითა და საფინანსო მომსახურებით.
- ლი ჯე იონი კონცერნის ხელმძღვანელ ლი გონ ხის ვაჟია და კონცერნში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა უკავია და ბიზნესის მემკვიდრედ ითვლება. მამამისი საჯარო სივრცეში 2014 წლიდან აღარ გამოჩენილა.


