აშშ–ის ყოფილი თავდაცვის მდივანი: "ტრამპი ამერიკელი ხალხის დაყოფას ცდილობს"
04/06/2020 07:04:00 მსოფლიო
აშშ–ის ყოფილი თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ამერიკელი ხალხის დაყოფას ცდილობს".
მან მიმდინარე აქციების მიმართ ტრამპის მიდგომა გააკრიტიკა:
"გაბრაზებული და შეძრწუნებული ვარ პრეზიდენტ ტრამპის საპასუხო ქმედებებით", – განაცხადა მატისმა.
ჯეიმს მატისი თავდაცვის მდივნად 2017 წლის იანვრში დაინიშნა. მან თანამდებობა 2019 წლის თებერვალში დატოვა. როგორც თავად განაცხადა, აღნიშნულის მიზეზი პრეზიდენტ ტრამპთან რიგ საკითხებზე უთანხმოება იყო. აღსანიშნავია, რომ მატისის გადადგომა ტრამპის გადაწყვეტილებას მოჰყვა სირიიდან ამერიკული შეირაღებული ძალების გაყვანის შესახებ.
აშშ–ში, მინეაპოლისსა და ამერიკის სხვადასხვა შტატში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. გამოძიების ფარგლებში, უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი. დემონსტრანტები ინციდენტში ჩართული ოთხივე პოლიციელისთვის მკვლელობის მუხლით ბრალის წაყენებას ითხოვდნენ. გუშინ ფლოიდის საქმეზე ბრალი დანარჩენ სამ პოლიციელსაც წაუყენეს.


