"ჩუსტების რევოლუციის" ფონზე ლუკაშენკომ მთავრობა გადააყენა
03/06/2020 16:24:18 მსოფლიო
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყნის მთავრობა გადააყენა. ბრძანებულება 3 ივნისითაა დათარიღებული, - იუწყება სააგენტო “ბელტა”.
პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზეზების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა. თუმცა მთავრობის განახლების გეგმა ლუკაშენკომ ჯერ კიდევ 25 მაისს გამოაცხადა და იქვე დასძინა, რომ ამ გეგმას საპრეზიდენტო არჩევნებამდე განახორციელებდა.
ცნობისთვის: ბოლო დღეებში ბელარუსში მოქალაქეები რიგებში დგებიან საკუთარი ხელმოწერით ოპოზიციონერი საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდასაჭერად, - იუწყება “რადიო თავისუფლება”. თავად არჩევნები 9 აგვისტოსთვის არის დანიშნული.
პარალელურად ქვეყანაში საპროტესტო ტალღაა აგორებული. ათობით ათასი მოქალაქე გავიდა ქუჩებში მინსკში, ბრესტში, გროდნოში, გომელში, სხვადასხვა რაიონულ ცენტრებში. ხალხი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმით, რომ ლუკაშენკო კორონავირუსის ეპიდემიას იგნორირებს და არც ბიზნესს ეხმარება სათანდოდ. ხალხმა მიმდინარე საპროტესტო აქტივობას "ჩუსტების რევოლუცია" შეარქვა.

აღსანიშნავია, რომ ლუკაშენკოსთვის მოულოდნელად, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს მმართველი ელიტის რიგმა წარმომადგენლებმაც, ასევე ექს-დიპლომატმა ვალერი ცეპკალომ და ბანკირმა ვიქტორ ბაბარიკომ.
თავად პრეზიდენტი კი მომიტინგეებს აფრთხილებს, რომ “ბელარუსში მაიდანს არ დაუშვებს”.
უკვე დაპატიმრებულები არიან ოპოზიციონერები სერგეი ტიხანოვსკი და ნიკოლაი სტატკევიჩი, ასევე რამდენიმე ათეული რიგითი მომიტინგე.


