აშშ-ის თავდაცვის მდივანი აქციებზე ძალადობის აღსაკვეთად აქტიური სამხედროების გამოყენებას საჭიროდ არ თვლის
03/06/2020 15:35:14 მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერსენი საპროტესტო აქციებზე ძალადობის აღსაკვეთად აქტიური სამხედროების ჩართვას საჭიროდ არ თვლის.
როგორც ესპერსენმა პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, მსგავს სიტუაციებში საუკეთესო გამოსავალი ეროვნული გვარდიის დახმარებაა.
„სამართალდამცველების დასახმარებლად მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების გამოყენება უკიდურეს შემთხვევაში და ყველაზე რთულ სიტუაციაში უნდა მოხდეს. ჩვენ ახლა ასეთ სიტუაციაში არ ვართ. მე არ ვუჭერ მხარს სამხედროების ჩართვის მიზნით შესაბამისი კანონის გამოყენებას“, – განაცხადა მარკ ესპერმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ასევე თქვა, რომ რასიზმი აშშ-ში არსებობს და მას ერთად უნდა ებრძოლონ:
„აშშ-ში რასიზმი არსებობს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ვაღიაროთ, მას შევეწინააღმდეგოთ და აღმოვფხვრათ“.
მანამდე აშშ–ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ გუბერნატორები უფრო ხისტად არ იმოქმედებენ, თავად მზადაა, სამხედროები გამოიყენოს.
აშშ-ში უკვე ერთ კვირაზე მეტია, პოლიციის ძალადობისა და რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება, რომლებიც ძალადობასა და ძარცვაში გადაიზარდა. დემონსტრაციები მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა.


