აშშ-ში აქციებზე დაპირისპირების დროს 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაკავებულია 10 000-მდე დემონსტრანტი
03/06/2020 12:00:36 მსოფლიო
აშშ-ში აქციებზე დაპირისპირების დროს 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. უკვე კვირაზე მეტია, მასობრივი საპროტესტო აქციები ყოველ ჯერზე სამართალდამცველებთან შეტაკებებით სრულდება. პოლიციამ რამდენიმე დიდ ქალაქში ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაკავებულია 10 000–მდე დემონსტრანტი.
კომენდანტის საათი დაწესებულია შეერთებული შტატების დაახლოებით 40 ქალაქში, მათ შორის – ვაშინგტონში, ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში.
შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენების გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი, ევროკავშირი და გაერო მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებენ.
მინეაპოლისსა და ამერიკის სხვადასხვა შტატში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. გამოძიების ფარგლებში, უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი. დემონსტრანტები ინციდენტში ჩართული ოთხივე პოლიციელისთვის მკვლელობის მუხლით ბრალის წაყენებას ითხოვენ.


