
თურნავა განმარტავს, რატომ გამყარდა ლარი
03/06/2020 10:17:51 ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა განმარტავს, რატომ გამყარდა ეროვნული ვალუტა.
როგორც მინისტრმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა, ლარის გამყარება რამდენიმე ფაქტორის ზემოქმედების შედეგია.
"ე.წ. ლარის გამყარება არის რამდენიმე ფაქტორის ზემოქმედების კომპლექსი. ერთი ეს არის ჩვენი დაბალანსებული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, დაბალანსებული მონეტარული და ფულადსაკრედიტო ბერკეტები, რასაც ვიყენებთ და ეს ნორმალურია. უნდა ითქვას, რომ ეკონომიკური აქტივობის შენელებაც თავის როლს ასრულებს, მაგრამ ეს არის დამაბალანსებელი პროცესი, რომელიც საბოლოოდ დადებითად აისახება, რადგან იმპორტირებული საქონლის ფასებზე ეს პოზიტიურად მოქმედებს და საბოლოოდ, ხელს შეუწყობს იმასაც, რომ ინფლაცია დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეროვნული ვალუტა გამყარებას განაგრძობს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ლარი დაახლოებთ 12 თეთრით გამყარდა. 3 ივნისს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0772 ლარია, ერთი ევროს ღირებულება კი – 3.4366 ლარი.