ფაშინიანი სომხეთში შეზღუდვების კვლავ დაწესებას არ გამორიცხავს
03/06/2020 06:10:37 მსოფლიო
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ გამორიცხავს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში შეზღუდვები კვლავ ამოქმედდეს, მათ შორის, კომენდანტის საათი დაწესდეს.
მისივე თქმით, შეზღუდვების ხელახლა დაწესება ქვეყანაში ახალ ეკონომიკურ რყევებს გამოიწვევს.
"დღეს ჩვენ შემდეგი არჩევანის წინაშე ვდგავართ – წესები არ არის დაცული და ჩვენ კვლავ ვაწესებთ შეზღუდვებს, მათ შორის კომენდანტის საათს, რაც ქვეყანაში ახალ ეკონომიკურ და სოციალურ რყევებს გამოიწვევს, ან ვთანამშრომლობთ და სიტუაციაზე კონტროლს ვამყარებთ", – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-მა 170 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 10 524 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3 454 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 382 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 450 000–ს გადააჭარბა, 3 069 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 800-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 640 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.


