ზედიზედ მე–2 დღეა, ესპანეთში Covid-19-ით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
02/06/2020 16:15:31 მსოფლიო
ზედიზედ მე–2 დღეა, ესპანეთში Covid-19-ით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 27 127 ადამიანი გარდაიცვალა.
რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 137 ახალი შემთხვევა გამოვლონდა, რამაც დაავადებით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 239 638-მდე გაზარდა.
ქვეყანაში Covid-19-ის ახალი შემთხვევების შემცირების გამო შეზღუდვების ნაწილი უკვე შეამსუბუქეს. გახსნილია მაღაზიები, სანაპიროები ზოგიერთი ბარი და რესტორანი. 29 მაისიდან ესპანეთში საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 6 წელს გადაცილებულმა ყველა პირმა პირბადე უნდა ატაროს.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 5 ივნისამდე მოქმედებს. ესპანეთი ტურისტების მიღებას ივლისიდან გეგმავს.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 377 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 370 000–ს გადააჭარბა, 2 905 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 796-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 634 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


