COVID-19-მა სამ თვეში 31 ქვეყანაში უკვე 130-მდე ჟურნალისტი იმსხვერპლა
02/06/2020 14:36:24 მსოფლიო
ბოლო სამი თვის (1 მარტი – 31 მაისი) განმავლობაში მსოფლიოს 31 ქვეყანაში კორონავირუსისგან უკვე 130-მდე ჟურნალისტი გარდაიცვალა, მარტო მაისში – 72, - იუწყება დამოუკიდებელი ჟურნალისტური ასოციაცია Press Emblem Campaign (PEC).
მისივე მონაცემებით, გარდაცვლილთა 2/3 პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.
ჟურნალისტებს შორის ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა ლათინურ ამერიკაში ფიქსირდება, კერძოდ პერუში, ბრაზილიასა და მექსიკაში. აშშ-ში ხსენებულ პერიოდში კორონავირუსისგან 12 ჟურნალისტი გარდაიცვალა, რუსეთში – 5.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 377 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 370 000–ს გადააჭარბა, 2 905 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 796-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 634 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


