AP: "მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი Covid-19-ზე ჯანმო-ს ინფორმაციას დაგვიანებით აწვდიდა, მთელი იანვრის განმავლობაში ორგანიზაცია პეკინს "დროული ინფორმირებისთვის" მადლობას უხდიდა"
02/06/2020 14:26:20 მსოფლიო
"მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი Covid-19-ის თაობაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ინფორმაციას დაგვიანებით აწვდიდა, მთელი იანვრის განმავლობაში ჯანმო პეკინს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ "მყისიერად გადადგმული ნაბიჯებისთვის" აქებდა და "ინფორმაციის დროული მიწოდებისთვის" მადლობას უხდიდა", – იუწყება AP.
მისივე ცნობით, გამოცემას ხელთ ჩაუვარდა მიმდინარე წლის იანვრით დათარიღებული ჩანაწერები, რომელშიც, AP–ს ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ჩინეთის მხრიდან არასათანადო თანამშრომლობის გამო.
"ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ვირუსის გენომი მისი მიღებიდან ერთ კვირაზე მეტი დროის გასვლის შემდეგ გადასცა", – წერს AP წყაროზე დაყრდნობით.
"ჩვენს მიერ მოპოვებული ჩანაწერების თანახმად, ირკვევა რომ ჩინეთის ხელისუფლება ჯანმო–ს არ აწვდიდა საკმარის ინფორმაციას ახალი კორონავირუსის რისკების თაობაზე", – წერს გამოცემა.
მისივე ცნობით, ჯანმო–მ AP–ს განუცხადა, რომ საკითხზე კომენტარს იმ შემთხვევაში გააკეთებდა, თუ გამოცემა ზემოთხსენებულის აუდიო–ვიდეო მტკიცებულებას წარადგენდა. როგორც AP იუწყება, აღნიშნულისგან გამოცემა თავს იკავებს, რათა დაიცვას წყაროს ანონიმურობა.
შეგახსენებთ, რომ აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთი ახალი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში, ხოლო ჯანმო ჩინეთის ხელისუფლების მიმართ მიკერძოებულობაში და არასწორი რჩევების გაცემაში არაერთხელ დაადანაშაულა.
„მისი შეჩერება შესაძლებელი იყო. საკმაოდ ადვილად შევძლებდით მის შეჩერებას, რომ გვცოდნოდა, ყველას რომ სცოდნოდა მის შესახებ რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ინფორმაცია გაჟღერდა. სამწუხაროდ, მათ გადაწყვიტეს, რომ ეს არ განესაჯაროებინათ და ამიტომ ახლა მთელი მსოფლიო იტანჯება“, - აღნიშნა ტრამპმა.
29 მაისს პრეზიდენტმა ტრამპა განაცხადა, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობებს წყვეტს და შესაბამისად, ორგანიზაციას დაფინანსებასაც უჩერებს.


