ნიუ-იორკში კომენდანტის საათი გაახანგრძლივეს
02/06/2020 05:52:14 მსოფლიო
ნიუ-იორკში კომენდანტის საათი გაახანგრძლივეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ქალაქის მერმა ბილ დე ბლაზიომ მიიღო.
„ამ აქციებს აქვს ძალა და შინაარსი, მაგრამ ღამის დადგომასთან ერთად ჩვენ ვხედავთ ჯგუფებს, რომლებიც აღვივებენ ძალადობას და ანადგურებენ კერძო საკუთრებას. ჩვენი პრიორიტეტი მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაა. ამიტომ მე გავახანგრძლივე კომენდანტის საათი. ის ნიუ იორკში საღამოს, 20:00 საათზე დაიწყება“, – წერს დე ბლაზიო.
აშშ-ში რამდენიმე დღეა, მასშტაბური საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები აფრო-ამერიკელი მოქალაქის ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას აპროტესტებენ, რასაც ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა და ინციდენტში ჩართული ოთხივე პოლიციელისთვის მკვლელობის მუხლით ბრალის წაყენებას ითხოვენ. გუშინ სამართალდამცავებმა თეთრ სახლთან ახლოს შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მაშინ მოხდა, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „როუზ გარდენში“ სიტყვით გამოდიოდა და იმუქრებოდა, რომ არეულობის დასასრულებლად ის ქვეყნის დიდ ქალაქებში სამხედროების მობილიზებას განახორციელებდა, თუკი შტატების გუბერნატორები ეროვნულ გვარდიას არ გამოიძახებდნენ.


