ესპანეთში, იტალიასა და ინგლისში ფეხბურთი ბრუნდება
01/06/2020 13:48:16 მსოფლიო
ევროპის საკლუბო ფეხბურთში პანდემიით გამოწვეული პაუზა დასასრულს უახლოვდება. გერმანიის შემდეგ შიდა ჩემპიონატის განახლების გადაწყვეტილება ესპანეთში, იტალიასა და ინგლისშიც მიიღეს. ამ ქვეყნებშიც სეზონი მაყურებლის გარეშე გაგრძელდება.
ესპანეთის ლა ლიგა 11 ივნისს დაბრუნდება, „სევილიისა“ და „ბეტისის“ მატჩით. გათამაშების ცხრილის ლიდერი „ბარსელონა“ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ პირველ თამაშს 13 ივნისს ჩაატარებს, ხოლო მადრიდის „რეალი“ – 14 ივნისს. ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 11 ტურით ადრე, „ბარსელონა“ 58 ქულით ლიდერობს და „რეალს“ 2 ქულით უსწრებს.
იტალიის სერია A-ში სამთვიანი იძულებითი არდადეგები 20 ივნისს დასრულდება, „ვერონასა“ და „კალიარის“ შეხვედრით. ჩემპიონატის დასრულებამდე 13 ტურია დარჩენილი და პირველ-მეორე ადგილებს „იუვენტუსი“ და „ლაციო“ ინაწილებენ.
ინგლისის პრემიერლიგა 17 ივნისს განახლდება, ოცდამეცხრე ტურის გადადებული ორი მატჩით. დღის ცენტრალური თამაში „მანჩესტერ სიტისა“ და „არსენალის“ დაპირისპირება იქნება. პრემიერლიგაში ჩემპიონის ბედი უკვე თითქმის გადაწყვეტილია. სეზონის დასრულებამდე ცხრა ტურით ადრე, ცხრილის ლიდერი „ლივერპული“ უახლოეს მდევარ „მანჩესტერ სიტის“ 25 ქულით უსწრებს.


