"საბურთალოს ე.წ. კლასტერის ინფიცირების პირველადი წყარო შესაძლოა, ჩემი კოლეგა იყოს"
30/05/2020 09:54:40 საზოგადოება
"საბურთალოს ე.წ. კლასტერის ინფიცირების პირველადი წყარო შესაძლოა, იყოს ჩემი კოლეგა, სამედიცინო მუშაკი", - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„გუშინწინ დადასტურებული 2 შემთხვევის, ამ ე.წ. საბურთალოს კლასტერის კონტაქტების კვლევა ინტენსიურად მიმდინარეობს, 50-მდე ადამიანი გამოკვლეულია. 9-ს ასევე დაუდგინდა კორონავირუსი და კვლევა ამ წუთებშიც გრძელდება. ინფიცირებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები, კონტაქტები კი თბილისის საკარანტინო სივრცეებში. ე.წ. კლასტერის ინფიცირების პირველადი წყარო შესაძლოა, იყოს ჩემი კოლეგა, სამედიცინო მუშაკი, შემდეგ კი ინფექცია ოჯახსა და ოჯახის ახლო კონტაქტებში გავრცელდა. დღესაც იღებენ დამატებით ნიმუშებს და ტარდება ჩაღრმავებული კვლევა. ამ კლასტერში სულ 11 წევრია. შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო, თუმცა ეს არაა ისეთი მატება, რომელსაც ჩვენ ვერ გავუმკლავდებით. ნუ მივეცემით პანიკას, შემსუბუქების პერიოდში ეს ყველა ქვეყანაში მოხდა და შესაძლოა ჩვენთანაც მოხდეს. ამ პერიოდში აუცილებლად უნდა დავიცვათ უკვე ცნობილი რეკომენდაციები. ამუშავდა ტრანსპორტი - მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი. გუშინ ვაკვირდებოდი ქალაქში და გამიხარდა, რომ ბევრ ავტობუსში რეკომენდაციები იყო დაცული. მოვუწოდებ მოსახლეობას - ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია არის სრულად მართვადი. გვექნება ახალი შემთხვევები - ეს არაა დიდი პრობლემა. ეს არის მართვადი, მაგრამ ძალაში რჩება სლოგანი - "უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება ამ ვირუსთან ერთად და დავიცვათ წესები“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 9 თბილისს, 2 კი ბოლნისს უკავშირდება.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 757-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 600 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


