„1 მილიონ მოსახლეზე Covid-19-ის შემთხვევების მაჩვენებლით საფრანგეთსა და ირანს უკვე გადავუსწარით"
29/05/2020 16:42:52 მსოფლიო
„1 მილიონ მოსახლეზე Covid-19-ის შემთხვევების მაჩვენებლით საფრანგეთსა და ირანს უკვე გადავუსწარით", – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი ტემპებით სომხეთმა შესაძლოა, იტალიასაც გადაუსწროს.
პრემიერის თქმით, ასეთი ვითარება გამოიწვია ეპიდემიის საწინააღმდეგო წესების დაუცველობამ და ამ წესებისადმი მოსახლეობის არასერიოზულმა დამოკიდებულებამ. მან მოსახლეობას მოუწოდა, ატარონ პირბადეები, დაიცვალ სოციალური დისტანცირება და ჰიგიენის წესები.
სომხეთში COVID–19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა 8 676–მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 460 ადამიანი დაინფიცირდა და 7 გარდაიცვალა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში დაავადებამ 120 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 8 676 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3 297 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 362 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 910 000–ს გადააჭარბა, 2 590 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 746-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 576 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


