ბოლო 24 საათში ესპანეთში Covid-19–ით 2 ადამიანი გარდაიცვალა
29/05/2020 16:12:53 მსოფლიო
ბოლო 24 საათში ესპანეთში Covid-19–ით 2 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში Covid-19-ის ახალი შემთხვევების შემცირების გამო შეზღუდვების ნაწილი უკვე შეამსუბუქეს. გახსნილია მაღაზიები, სანაპიროები ზოგიერთი ბარი და რესტორანი. დღეიდან ესპანეთში საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 6 წელს გადაცილებულმა ყველა პირმა პირბადე უნდა ატაროს.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 5 ივნისამდე მოქმედებს. ესპანეთი ტურისტების მიღებას ივლისიდან გეგმავს.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19–მა 27 121ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 285 644 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 196 958 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 362 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 910 000–ს გადააჭარბა, 2 590 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 746-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 576 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


