
ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეები გამოადეპორტეს
14/06/2019 04:48:28 სხვა, საზოგადოება
ისრაელიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი თელავივიდან თბილისში სპეცრეისით ჩამოფრინდა.
სამშობლოში იძულებით დაბრუნებულები ადასტურებენ, რომ მათ საბუთები მოწესრიგებული არ ქონდათ, თუმცა დაკავების შემდეგ არაადამიანურ მოპყრობაზე ამახვილებენ ყურადღებას და საქართველოს საკონსულოს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
ისინი ირწმუნებიან, რომ ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაკავებები გახშირდა და ამ დროისთვის დეპორტაციის მოლოდინში ათეულობით ქართველი რჩება.
„ჯერ ერთი, ოჯახის გულისთვის ვართ გასული, რომ ორი კაპიკი ვიშოვოთ.მეორე - კარების შემონგრევა, შემოცვენა, არაადამიანურად მოპყრობა რას ჰგავს? ამით ბიჭები დაღლილები არიან. კარგი, ბიჭი აიტანს ცემას, მაგრამ ქალები და გოგოები ვერ უძლებენ. როგორც გვექცევიან, ეს ადამიანური მოპყრობა არ არის. ხანდახან, რომ ვეკითხებით, რატომ ხდება ასე, გვპასუხობენ - არ გვაინტერესებს, მოგაქციოთ თქვენმა მთავრობამ ყურადღებაო. არ გვყოლია მთავრობა ჩვენ. ერთს რომ ურეკავენ [საკონსულოს], არ მცალია, არ მცალიაო, ამბობენ. რას აკეთებს ვერ გავიგე, თუ ადამიანს ციხეში ყურადღება არ მიაქცია, რომ თავის დროზე სახლში წამოვიდეს,“-განაცხადა "რუსთავი 2"–თან საუბრისას დეპორტირებულმა თამაზ ბერელიძემ.
საქართველოს საკონსულოში კი განმარტავენ, რომ სადეპორტაციო ცენტრი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები არიან მოთავსებულები, საბაზისო სტანდარტებს შეესაბამება.
ამავე თემაზე: თბილისი ისრაელში, სადერპორტაციო ცენტრში ქართველების გადაყვანის მიზეზებს განმარტავს