
რაზე იმსჯელეს აბაშიძემ და კარასინმა პრაღაში
14/06/2019 03:07:22 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე აღვნიშნე, რომ ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპები, მოვიყვანე კონკრეტული მაგალითები, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ პრაღაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
როგორც აბაშიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, შეხვედრაზე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ასევე, განხილვის საგანი იყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები და ჰუმანიტარული საკითხები.
„შეხვედრის დასაწყისში, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ჩვენი ფორმატის თემატიკა, ყურადღება გავამახვილე ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე. აღვნიშნეთ, რომ ადგილი აქვს რეგიონების მზარდ მილიტარიზაციას. ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპები და მოვიყვანე კონკრეტული მაგალითები.
ვისაუბრე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე. მიმოვიხილეთ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა, სატრანსპორტო კავშირები. ყურადღება გამახვილდა ქართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე. საუბარი შეეხო ასევე 2011 წლის შეთანხმებას საბაჟო მონიტორინგისა და ადმინისტრირების შესახებ. ითქვა, რომ მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს, სავარაუდოდ, აღნიშნული შეთანხმების წარმატებით რეალიზაციას“,- განაცხადა ზურა აბაშიძემ.
როგორც ზურა აბაშიძემ აღნიშნა, პრაღაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენელი.
რაც შეეხება კარასინის მიერ საქართველო–ნატოს ურთიერთოებბზე გაკეთებულ კომენტარს, აბაშიძის თქმით, საქართველოს ფლებაა, გადაწყვიტოს, რომელ ორგანიზაციასთან ითანამშრომლებს.
„ეს ჩვენ ხშირად გვსმენია. ამას ყოველთვის ხაზს უსვამენ, ყველგან აფიქსირებენ თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას ნატო-ს მიმართ და ზოგადად, ჩვენი თანამშრომლობის მიმართ ალიანსთან. რუსეთის მხარე ამ საკითხს ყველგან აყენებს, სადაც აქვთ ამის საშუალება. ჩვენ ამ დისკუსიაში არ შევდივართ. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვენი ფორმატით გათვალისწინებული. ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა, სუვერენული არჩევანი, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა. ჩვენ შემოვიფარგლებით ასეთი კომენტარით და დისკუსიაში ამ საკითხზე არ შევდივართ”,- განაცხადა აბაშიძემ.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინს შორის პრაღაში შეხვედრა 13 ივნისს გაიმართა.