
ჭყონია: „ხელისუფლებამ რაც არ უნდა თითი იქნიოს, კომპანიები ზარალზე ვერ წავლენ“
28/05/2020 18:29:35 ეკონომიკა
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია „ფორმულას“ ეთერში პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, ძირითად ცხრა პროდუქტზე პანდემიის პერიოდში ფასები არ გაძვირდებოდა.
როგორც ჭყონია ამბობს, „ხელისუფლებამ რაც არ უნდა თითი იქნიოს, კომპანიები ზარალზე ვერ წავლენ, რადგან მათ ისედაც ზარალზე უწევთ მუშაობა“.
მისი თქმით, კომპანიებმა პრემიერს დღგ-ს მიმართულებით სთხოვეს დახმარება, რასაც გახარიაარ დათანხმდა:
„პიარკამპანია კი არ უნდა წასულიყო იმ მიმართულებით, რომ პროდუქტებზე ფასი არ გაძვირდება, პირიქით მთავრობას ბიზნესისთვის უნდა მოეწოდებინა, რომ ჩვენ ამ 9 პროდუქტზე ფასს ვასუბსიდირებთ და მოდით აქტიურად ჩაერთეთ.
იყო შეხვედრა, სადაც მე მივიყვანე ძალიან ბევრი იმპორტული, მსხვილი კომპანიები და გამოთქვეს სურვილი ჩართულიყვნენ, მაგრამ საბოლოო ჯანში ის მოდელი, რომელიც იყო შეთავაზებული, მათი უმრავლესობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ 100%-დან შეიძლება ჩაერთო 5%.
რა თითიც არ უნდა იქნიოს ხელისუფლებამ ზარალზე კომპანიები ვერ წავლენ, რადგან ისედაც ზარალზე უწევდათ რიგ კომპანიებს მუშაობა. არაერთხელ მიგვიმართავს, რომ არ გვინდა არც ვიღაცის სუბსიდირება და არაფერი, დაგვეხმარეთ დღგ-ს მიმართულებით-მეთქი. ეს იქნებოდა ყველაზე რელევანტური ნაბიჯი, რაზეც მთავრობა არ წამოვიდა.
ამაზე წერილიც გავუგზავნეთ პრემიერს, ხუთმა საკმაოდ ძლიერმა ასოციაციამ ვთხოვეთ პრემიერს, ასევე ვთხოვეთ, რომ 6 თვით კი არ გადავადებულიყო საერთოდ მოხსნილიყო საპენსიო და საშემოსავლო იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან დაგვეხმარებოდა და ძალიან ბევრ სამუშაო ადგილებს შევინარჩუნებდით. ასევე ხელი შეეწყობოდა იმას, რომ პროდუქტებზე ფასების ზრდა ისეთი მაღალი არ ყოფილიყო, როგორიც დღესაა“, - განაცხდა ივა ჭყონიამ.