მოსკოვი მარსზე ბირთვული შეტევის შესახებ ილონ მასკის იდეას “კოსმოსის მილიტარიზაციის შენიღბვად” აფასებს
28/05/2020 11:39:35 მსოფლიო
“როსკოსმოსის” ხელმძღვანელმა დიმიტრი როგოზინმა კოსმოსური კორპორაცია “SpaceX”-ის დამფუძნებლის ილონ მასკის იდეა მარსის პოლუსებისთვის ბირთვული დარტყმის მიყენების შესახებ “კოსმოსის მილიტარიზაციის შენიღბვის მცდელობად” შეაფასა.
“ჩვენ გვესმის, რომ ამ დემაგოგიის უკან ერთი რამ იმალება: ბირთვული იარაღის კოსმოსში გატანის შენიღბვა. ჩვენ ვხედავთ ამ მცდელობებს, მივიჩნევთ მათ მიუღებლად და მაქსიმალურად შევეწინააღმდეგებით ამას. მასკის იდეები უბრალოდ წარმოუდგენელი ბარბაროსობაა ჰუმანურობის თვალსაზრისით. ვინ მისცა მას პლანეტების განადგურების უფლება?!", - განაცხადა რუსმა ჩინოსანმა.
- როგოზინის ტელეინტერვიუ, რომლის დროსაც მან ზემოაღნიშნული შეფასებები გააკეთა, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა აშშ-ში, კანავერალის კოსმოდრომიდან კომპანია “SpaceX”-ის მიერ შემუშავებული კოსმოსური ხომალდის – “ქრიუ დრაგონის” გაშვებისთვის მზადების ფონზე. გაშვება მომავალი შაბათისთვის გადადეს. წარმატების შემთხვევაში ეს 2001 წლიდან პირველი ამერიკული პილოტირებული კოსმოსური ფრენა იქნება, ხომალდები “ქრიუ დრაგონ” კი სამომავლოდ NASA-სთვის 1960-იან წლებში შემუშავებულ რუსულ “სოიუზებს” ჩაანაცვლებს.
- მასკი მარსის ბომბარდირების იდეით ჯერ კიდევ 2015 წელს გამოვიდა. ბიზნესმენი მარსის პოლუსებზე ყინულის გადნობასა და პლანეტაზე სასათბურე ეფექტის შექმნას გვთავაზობს, რათა შემდგომში მისი კოლონიზება გაადვილდეს.
- მასკმა ამ გეგმას “მარსის დედამიწის ანალოგიად ქცევის სწრაფი გზა” უწოდა. მოგვიანებით იგი ამ იდეას კიდევ რამდენჯერმე დაუბრუნდა.


