რუსული პროპაგანდა და საქართველოს პრეზიდენტის ალარმისტული განცხადება: რამდენად საფუძვლიანია აგრესიის მოლოდინი

27-05-2020 19:50:36 თვალსაზრისი ,ანალიზი

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ალარმისტულ განცხადებას – რუსეთის მხრიდან აგრესიას არ გამოვრიცხავო – მოსკოვისა და მის მიერ მართული დე ფაქტო ხელისუფლებების მხრიდან ანტიქართული და ანტიდასავლური პროპაგანდისტული მანქანის გააქტიურება მოჰყვა, შესაძლოა, ეს უბრალოდ დროში დამთხვევა იყოს – პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ძიებას არ ვაპირებთ. უბრალოდ ვეცდებით, გავარკვიოთ, რამდენად მეტი ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის შეშფოთებას საფუძველი, კრემლისა და მისი მარიონეტების პროპაგანდისტულ ბრალდებებთან შედარებით.

თუმცა მივყვეთ მოვლენებს თავიდან.

„პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა და ნავთობზე ფასების დაცემამ, ასევე ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა სიტუაციამ შესაძლოა, რუსეთს აგრესიისკენ უბიძგოს. როგორც საქართველოს პრეზიდენტს, მე იმედი მაქვს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი აგრესია არ განხორციელდება. იმედს გამოვთქვამ, რომ კრიზისი რუსეთის ლიდერებს პრობლემის სხვა გზით გადაჭრის საშუალებებს აჩვენებს“, - განაცხადა რამდენიმე დღის წინ ზურაბიშვილმა “Financial Times-თან ინტერვიუში.

შესაძლო აგრესიის თემაზე მოსკოვს ზურაბიშვილისთვის არ უპასუხია, თუმცა თბილისსა და საკუთრივ საქართველოს პრეზიდენტს ბოლო დღეებში სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებული ბრალდებების მთელი წყება მოაყარა.

უშუალოდ ზურაბიშვილის მიმართ ბრალდება რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის ჩამოყალიბების ძველ საკითხს უკავშირდებოდა. რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სალომე ზურაბიშვილი ფაქტობრივად, სიცრუეში დაადანაშაულა. «ზურაბიშვილის სინდისზე ვტოვებთო» - ასე გამოეხმაურა იგი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ ხსენებული ცენტრის მუშაობაში ნატო-ს ჩართვაც იგეგმებოდა.

იხილეთ ასევე: ანტიტერორისტული ცენტრი: რეალურად რაზე საუბრობდნენ ქართველი და რუსი დიპლომატები

თბილისის მისამართით მეორე ბრალდება, რომელმაც ამ დღეებში მოსკოვიდან გაიჟღერა, ასევე არახალია და «ღია ცის შესახებ» ხელშეკრულებას უკავშირდება» «საქართველო სისტემატიურად არღვევდა ამ დოკუმენტს იმით, რომ როგორც ხელშეკრულების ხელმომწერი, ვალდებული იყო, მაგრამ არ უშვებდა სადამკვირვებლო ფრენებს მთელი თავისი ტერიტორიის თავზეო».

იხილეთ ასევე: საქართველო "ღია ცის" ხელშეკრულების დარღვევაში რუსეთს ადანაშაულებს

თბილისმა ამ ბრალდებას უკვე უპასუხა და «ცინიზმად» შეაფასა.

მესამე ბრალდება ასევე ტრადიციული ხასიათისაა და რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევით ცენტრს უკავშირდება, სადაც ამერიკელებს, კრემლის ვერსიით, საშიში დაავადებების გადამტანი კოღოები გამოჰყავთ ჰაერში გასავრცელებლად და ამ მიზნით უკვე უპილოტო საფრენი აპარატიც დააპატენტეს. მოსკოვი ამის გადასამოწმებლად ამჯერად ლუგარის ცენტრის ყველა სივრცის ინსპექტირებას მოითხოვს.

თბილისმა პასუხი მოსკოვის ამ მორიგ პროპაგანდისტულ ბრალდებასაც გასცა და ლაბორატორიაში ამჯერად რუსი დიპლომატების დაშვების მზადყოფნა გამოთქვა.

მეოთხე და ისიც ტრადიციული ბრალდება კი ამავე დღეებში უკვე ცხინვალიდან გაისმა - «რატომ გვირღვევთ საზღვრებს» და «რატომ ცდილობთ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ბიოლოგიური მასალის აღებასო?». თბილისთან ერთად, ამ ბრალდების ადრესატი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც იყო, რომელმაც ეს პროპაგანდისტული გზავნილი კატეგორიულად უარყო.

როგორც ვხედავთ, ყველა ჩამოთვლილი ბრალდება არახალია, ყოველ შემთხვევაში, «წვერიან» თემებს უკავშირდება, უბრალოდ რუსეთმა ისინი ერთბაშად – ბოლო დღეებში გაგვიმეორა.

ნიშნავს თუ არა ეს რამეს? მეტყველებს თუ არა კრემლის მიერ რაიმე ცუდისთვის, მათ შორის აგრესიისთვის მზადებაზე და, ზოგადად, რამდენად საფუძვლიანია სალომე ზურაბიშვილის ალარმისტული ვარაუდი? პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია შფოთვის საფუძველს ვერ ხედავს.

როგორც მან «აქცენტთან» საუბარში აღნიშნა, მართალია, საერთაშორისო დამკვირვებლებისა და მკვლევარების მიერ წლების განმავლობაში ჩატარებული უამრავი კვლევა ამტკიცებს, რომ რუსეთი აგრესიას იმ დროს იწყებს, როდესაც პრეზიდენტ პუტინის რეიტინგი ეცემა, მსოფლიოში ნავთობის ფასის მსგავსად და სადღეისოდ ორივე ეს ფაქტორი სახეზეა, თუმცა იგი ამ ეტაპზე აგრესიის შესაძლებლობას მაინც არ განიხილავს.

«რთულია პუტინის აზრების წაკითხვა, მაგრამ მე ამ ეტაპზე ამ შესაძლებლობას არ განვიხილავ და აგიხსნით, რატომ: ქართულ–რუსული ურთიერთობები ტოქსიკური ხასიათის მატარებელია, არასოდეს ყოფილა მეგობრული და თუ ამ დინამიკას გავითვალისწინეთ, მე ვერ გამოვყოფ, რომ ამ მიყოლებული განცხადებებით რაღაც განსაკუთრებული აქცენტები კეთდებოდეს. არც საერთაშორისო გარემო იძლევა აგრესიის საშუალებას. ამჟამად საქართველო არ არის რუსეთის მთავარი სატკივარი, უკრაინაა, დიდი ხანია და კიდევ ძირითადად შიდა პრობლემები, რომლითაც არის ახლა რუსეთის ხელისუფლება დაკავებული. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ მოსკოვი რაღაც სპეციალურ სამზადისში იყოს».

რაც შეეხება კრემლის ხსენებული ბრალდებების მიზანს, პოლიტოლოგის აზრით, მოსკოვის ბოლოდროინდელი განცხადებები უფრო მის მიერ წარმოებული პროპაგანდის შენარჩუნებას ემსახურება.

«კრემლს საქართველო "ღია ცის" შესახებ შეთანხმების დარღვევაში არაერთხელ დაუდანაშაულებია, ასევე არაერთხელ გამხდარა რუსული პროპაგანდის სამიზნე თბილისის ლუგარის სახელობის ცენტრი.ბოლო პერიოდში ძალიან ბევრმა ადამიანმა, მათ შორის ისეთებმაც, რომელთაც ამ ლაბორატორიის საქმიანობაში ეჭვი ეპარებოდათ, დაინახეს მისი სარგებელი. მათ ეჭვებს ძირითადად რუსული პროპაგანდა ამყარებდა. ​ბუნებრივია, რუსეთს არ აწყობს, ლუგარის ლაბორატორია გახდეს რაღაცნაირად დადებითი იმიჯის მქონე. ამ ცენტრის ირგვლივ ასეთი დადებითი იმიჯის შექმნა ხელს უშლის რუსეთის პროპაგანდისტულ მიზნებს როგორც საქართველოსთან, ასევე აშშ–სთან მიმართებაში. შესაბამისად, რუსეთი ცდილობს, მსგავსი ცენტრები არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც წარმოადგინოს საფრთხედ" – დასძინა კორნელი კაკაჩიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები