
"ჩინეთიდან წარმოების გადმოტანა რეალისტურია"
27/05/2020 13:44:55 ეკონომიკა
ჩინეთიდან წარმოების გადმოტანა რეალისტურია,– ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.
მან ამ მიმართულებით საქართველოს პრიორიტეტებზე და ბარიერებზე გაამახვილა ყურადღება. ამასთან აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი შავი ზღვაა და ის ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს.
„ეს [ჩინეთიდან წარმოების გადმოტანა] არ არის ერთი და ორი დღის თემა. მიუხედავად განწყობების იმ პირველი ტალღებისა, რომ ახლა ყველაფერს წამოვიღებთ ჩინეთიდან, ნელ–ნელა იტკებნება, დაბალანსებული მიდგომები ჩნდება. მოთხოვნა ეკონომიკაში მიწოდების ჯაჭვების ერთმნიშვნელოვნად შეიცვლება რეგიონალურ ჭრილშიც. აქ საქართველოს რამდენიმე კონკურენტული უპირატესობა აქვს:გეოგრაფიული წვდომადობა მსხვილ ბაზრებზე, პირველ რიგში, ევროკავშირი და სამართლებრივი ჩარჩო. გვაქვს პერსონალის ნაწილში პრობლემები, რა თქმა უნდა, პრობლემაა სატრანსპორტო კავშირები.
საქართველოს შემდგომი ეკონომიკური განვითარების ყველაზე სწრაფი „დრაივერი“ უნდა გახდეს და გახდება გეოგრაფიული წვდომა, ყველა სახის კავშირგაბმულობა. შავი ზღვა ამ ქვეყნის ყველაზე დიდი პრიორიტეტია. შავი ზღდის საშუალებით კავშირები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც სატვირთო, ისე სატრანპორტო, ასევე სხვადასხვა სახის კავშირები. ამიტომ, ეს ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს. ჩვენ შესანიშნავი სამართლებრივი ჩართო გვაქვს, მაგრამ, პრობლემები გვაქვს გეოგრაფიული წვდომის და ეს პრობლემები უნდა გადავლახოთ. ევროკავშირთან წვდომის ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი ისაა, რომ სახმელეთო საზღვარი არ გვაქვს, გვაქვს შავი ზღვა, ამიტომ ყველამ შავ ზღვაზე უნდა ვიმუშაოთ“,– განაცხადა გახარიამ.