რუსი ექიმების თითქმის 80% ქვეყანაში COVID-19-ისგან სიკვდილიანობის ოფიციალურ სტატისტიკას არ ენდობა
27/05/2020 13:34:09 მსოფლიო
რუსი ექიმების თითქმის 80% ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსისგან სიკვდილიანობის ოფიციალურ სტატისტიკას არ ენდობა. ასეთია RNC Pharma-ს და "Доктор на работе"-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომელიც გამოცემამ "Медицинский вестник" გამოაქვეყნა.
გამოკითხული მედიკოსების 61%-მა განაცხადა, რომ ოფიციალური მონაცემების სიზუსტეში ეჭვი ეპარება. კიდევ 17%-მა აღნიშნა, რომ მზადაა, სტატისტიკითა და დიაგნოზებით მანიპულირების ფაქტები დაამტკიცოს. 8% თვლის, რომ ჯერ-ჯერობით მონაცემების გაყალბების საჭიროება არ არსებობს, მაგრამ როგორც კი რაოდენობა ზრდას დაიწყებს, დაიწყება რიცხვებით მანიპულირებაც.
ოფიციალურ სტატისტიკას სრულად რესპონდენტთა მხოლოდ 9% ენდობა. მათი აზრით, სიკვდილიანობის მაჩვენებლების გაყალბება შეუძლებელია.
ოფიციალური სტატისტიკა არაერთგზის გაუკრიტიკებიათ მკვლევარებსაც, რომელთა გათვლით, ის შესაძლოა, არასრული, არაზუსტი და ნაწილობრივ გაყალბებული იყოს. თუმცა რუსეთის ხელისუფლება ამას უარყოფს.
მანამდე გამოცემა "მედიაზონამ" გამოითვალა, რომ რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების შედეგებისგან სულ მცირე, 186 მედიკოსი დაიღუპა და ქვეყანაში ექიმების გარდაცვალების შემთხვევების დანარჩენი ინფიცირებულების გარდაცვალების შემთხვევებთან პროცენტული თანაფარდობა გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რომლებშიც ეპიდემიის მასშტაბები დაახლოებით ანალოგიურია.
მაისში ბრიტანულმა გამოცემა “The Financial Times"-მა და ამერიკულმა “The New York Times"-მა გამოაქვეყნეს მასალები მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში კორონავირუსისგან სიკვდილიანობის თაობაზე. ჟურნალისტების აზრით, რეალური მაჩვენებელი შესაძლოა, დეკლარირებულზე 70%-ით მაღალი იყოს. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ პუბლიკაციებს "უსაფუძვლო სპეკულაციები” უწოდა და გამოცემებისგან მათი უარყოფა მოითხოვა.
27 მაისის მდგომარეობით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 370 680 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 3968, გამოჯანმრთენებულია 142 208 მოქალაქე.


