ფაშინიანი: "ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო"
27/05/2020 05:59:16 მსოფლიო
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ქვეყნაში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების კუთხით საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს COVID-19-ის მეორე ტალღასთან“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა 26 მაისს ონლაინ–ბრიფინგის დროს და დასძინა, რომ სომხეთში შემოღებული ადმინისტრაციული ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება.
კერძოდ, ნიღბების ტარება სავალდებულო გახდება ყველგან, მათ შორის - ავტომობილებშიც. ამ მიზნით გამკაცრდება საგზაო შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში მოეწყობა საკონტროლო-გამშვები პუნქტები.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 7402 შემთხვევა. 3220 პაციენტი განიკურნა. 91 გარდაიცვალა.


