"საქართველოში „პლაქვენილის“ ჩანაცვლების ყველაზე რეალური პრეტენდენტი „ლოპინავირ/რიტონავირის“ კომბინაციაა"
26/05/2020 17:46:32 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტ „პლაქვენილის“ გამოყენება შეწყდება, მას „ლოპინავირ/რიტონავირის“ კომბინაციით ჩაანაცვლებენ.
„მსოფლიოში 15-მდე სხვადასხვა მედიკამენტი იცდება, მაგრამ საქართველოს ზოგიერთი აქვს, ზოგიერთი – არა. ჩვენ „პლაქვენილზე“კონტროლს გავამკაცრებთ და თუ სადმე ოდნავი რისკი იქნება გვერდითი მოვლენის, იქ არ დავნიშნავთ, თუმცა თუ ასეთი რისკი არ იყო, ჯერჯერობით დავნიშნავთ კვლევის ფარგლებში, რომელსაც ჩვენ ვატარებთ.
„პლაქვენილის“ ჩანაცვლების ყველაზე რეალური პრეტენდენტი საქართველოში „ლოპინავირ/რიტონავირის“ კომბინაციაა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს არის შიდსის საწინააღმდეგი წამალი. ის საქართველოში გვაქვს და შედის „სოლიდარობის კვლევის“ ოთხეულში. ეს იქნება ყველაზე გამართლებული“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯანმო–მ COVID-19-ის სამკურნალოდ მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატის „პლაქვენილის“ ტესტირება შეწყვიტა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, გადაწყვეტილება უკავშირდება კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც, კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის, რომლებსაც ამ მედიკამენტით მკურნალობდნენ , სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო საშუალებებიდან „პლაქვენილს“ ჯერ არ ამოიღებენ


