საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო საშუალებებიდან „პლაქვენილს“ ჯერ არ ამოიღებენ
26/05/2020 16:40:04 საზოგადოება
საქართველოში ახალი კორონავირუსის სამკურნალო საშუალებებიდან პრეპარატ „პლაქვენილის“ ჯერ არ ამოიღებენ,– ამის შესახებ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა.
მისი განმარტებით, „პლაქვენილი“ ამ ეტაპზე აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციას არ ამოუღია.
"საქართველოში ჯერ ამოღება [პლაქველინის] არ მოხდება, რამდენადაც, ჯერჯერობით ის არ ამოუღია ამერიკისა და ევროპის არცერთ წამყვან კლინიკას და უნივერსიტეტს. რაც მთავარია, ის არ ამოუღია ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოს - FDA-ს. მთავარი, თავი და თავი ყველასთვის არის FDA-ს გადაწყვეტილება. „სოლიდარობის კვლევა“ ერთი კვლევაა და ისიც ჯერ არ დაწყებულა. FDA აანალიზებს ყველაფერს და იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ საქართველოს მაგალითზე არცერთი გვერდითი მოვლენა არ გვქონია. მე ვამბობ, ჩვენ ჯერ არ ამოვიღებთ, მაგრამ გავამკაცრებთ კონტროლს შესაძლო გვერდით მოვლენებზე, ისედაც ასე ვიქცეოდით, მაგრამ ყველა პაციენტს წინასწარ ჩავუტარებთ გულის სრულფასოვან გამოკვლევას,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, COVID-19-ის სამკურნალოდ მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატის „პლაქვენილის“ ტესტირება შეწყდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, გადაწყვეტილება უკავშირდება კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც, კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის, რომლებსაც ამ მედიკამენტით მკურნალობდნენ , სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.


