
"საქართველოს ნატოში მიღება დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობებზე"
13/06/2019 14:24:11 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
პრაღაში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეცწარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე რუსეთის წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა "დამღუპველი" უწოდა დასავლეთის წარმომადგენლების, პირველ რიგში აშშ-ის მცდელობას ნატო–ში საქართველოს დაჩქარებული წესით მიღების თაობაზე.
"ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ საქართველო არის შემადგენელი ნაწილი გარკვეული ბლოკის, რომელზეც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართულ გარკვეულ საქმიანობაში დაყრდნობა შეიძლება... და ეს ხალხი გააქტიურდა. ისინი ემზადებიან ნატო–ს დეკემბრის სამიტისთვის. აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ღიად განაცხადა, რომ საჭიროა, ნატო–ში საქრთველოს დაჩქარებული მიღება. ეს ჩვენთვის არათუ შემაშფოთებელია, რაც ძალიან რბილად ნათქვამს წარმოადგენს, არამედ იგი, ჩვენი აზრით, დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობაზე" - განაცხადა კარასინმა 13 ივნისს პრაღაში "რადიო თავისუფლებასთან".
შეხვედრის დაწყებამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი ზურაბ აბაშიძე აცხადებდა, რომ განიხილავენ ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს და იმსჯელებენ 2011 წლის შეთანხმებაზე საბაჟო მონიტორინგის შესახებ.
აბაშიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფორმატი არ მოიცავს, ის დააყენებდა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის, მილიტარიზაციის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელყოფის საკითხებსაც.