
"Gazprom"–თან განახლებული ხელშეკრულების პირობები ტარიფის შემცირებას ითვალისწინებს"
26/05/2020 11:20:51 ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, რუსულ "Gazprom Export"-თან განახლებული ხელშეკრულების პირობები ტარიფის შემცირებას ითვალისწინებს.
მისივე თქმით, ფასების შემცირებას კონკურენტული გარემო და მსოფლიოში ენერგობაზარზე არსებული ვითარება განაპირობებს.
"ამ გაძლიერებული კონკურენციისა და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოშიც ნავთობპროდუქტების ფასები ეცემა, ახლანდელი გადახედვა, რაც ხდება "გაზპრომთან" უკვე მოქმედ კონტრაქტში, ფასის დაკლებას ემსახურება. კომერციული საიდუმლოების გამო მე ციფრებს ვერ დავასახელებ, მაგრამ გეტყვით, რომ ბუნებრივ აირზე ფასის დაკლება დაახლოებით, 15%-ით ხდება. დღეს ეს ბაზარი სრულიად კონკურენტულია და კომერციულ ნაწილში ფასებს ეტაპობრივად აკლებს როგორც "სოკარი", ასევე "გაზპრომი". საჭიროების შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავაკლებინებთ ფასებს, იქნება დამოკიდებული ბაზრის კონიუნქტურაზე," - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის: 2017 წლამდე რუსული გაზის სომხეთში გატარების სანაცვლოდ საქართველო ტრანზიტის საფასურად გატარებული აირის მოცულობის 10%-ს ნატურალური სახით იღებდა. 2017 წლის შემდეგ ხელშეკრულების პირობები შეიცვალა და ახლა ტრანზიტის საფასურად ქვეყანა არა ბუნებრივ აირს, არამედ კონკრეტულ თანხას იღებს, რაც საჯარო არ არის. მხარეებს შორის ეს კონტრაქტი პერიოდულად განახლებადია. როგორც გუშინ გახდა ცნობილი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (GOGC) რუსულ "Gazprom Export"-თან ხელშეკრულება კიდევ ერთხელ განაახლა. კერძოდ, კომპანიის აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, მხარეებს შორის ბუნებრივი აირის მიწოდების ტარიფის განახლება 2020 წლის აპრილში მოხდა (ტარიფი საიდუმლოა) და ის ძალაში 2020 წლის 31 დეკემბრამდე იქნება ძალაში.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, GOGC-მ აპრილში განაახლა ხელშეკრულება აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "SOCAR Gas Export-Import"-თან. ახალი ხელშეკრულება 2020 წლისთვის საქართველოში სოციალური გაზის ტარიფის შემცირებას ითვალისწინებს.