
საქსტატი - 2020 წლის I კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ ვიზიტების რაოდენობა 6.7%-ით შემცირდა
25/05/2020 08:28:34 ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 619.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 8.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
საქსტატის მონაცემებით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 44.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 452.5 ათასი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.7 პროცენტით არის შემცირებული.
"საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 241.5 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 10.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 44.7 პროცენტი, განხორციელდა საქართველოს 31-50 წლის რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 40.4 პროცენტს შეადგენდა. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და აზერბაიჯანში, შესაბამისად, 176.7 ათასი და 104.8 ათასი ვიზიტი.
2020 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.9 ღამე შეადგინა, რაც 2019 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (3.4 ღამე) 14.4 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 96.1 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2020 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 332.8 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 7.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 0.7 პროცენტით შემცირდა და 735.6 ლარი შეადგინა", – აცხადებენ საქსტატში.