
აჭარაში, სასტუმროს თავზე რუსული დროშა აღიმართა (ვიდეო)
13/06/2019 11:27:44 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
აჭარაში მდებარე სასტუმრო "კასტელო მარეს“ თავზე საქართველოს, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნის დროშებთან ერთად რუსული დროშა ფრიალებდა, – იუწყება "ტვ 25".
როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლები განმარტავენ, დროშა რუსი სტუმრების ვიზიტის გამო დაკიდეს.
„იმ ქვეყნის დროშას ვფენთ, რომელთა წარმომადგენლების დატვირთვაც სასტუმროში 45%-ზე მეტია. ეს ჯგუფი უკვე გავიდა და დროშაც ჩამოიხსნა. რატომ ატყდა ამხელა აჟიოტაჟი არ ვიცი, თითქმის ყველა სასტუმროში იგივე პოლიტიკა აქვთ. ეს სტუმრები არიან მოსკოვიდან, თუმცა ისინი არიან სასტუმროს სტუმრები, რომლებიც კონფერენციას ატარებენ ჩვენს ტერიტორიაზე, შესაბამისად, რაღაც მთავრობებს შორის კონფლიქტზე აქცენტს ვერ გავაკეთებთ“, - აცხადებენ სასტუმროს ადმინისტრაციაში.
ქართული მედია უკვე წლებია წერს, რომ სასტუმროს მფლობელი მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერი, მილიარდერი სოსო ორჯონიკიძეა. სოსო ორჯონიკიძე „კასტელო მარეს“ გახსნასაც ესწრებოდა 2016 წელს.