რუსეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3500–ს გადააჭარბა
24/05/2020 08:40:32 მსოფლიო
რუსეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3500–ს გადააჭარბა. დღე–ღამის განმავლობაში დაავადებას 153 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო რამდენიმე დღეა ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი 100–ს გადასცდა.
რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, მე–9 დღეა, რუსეთში Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა 10 000-ს ჩამოსცდა. როგორც ქვეყნის ოპერატიული შტაბი იუწყება, ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 8 599 ადამიანი დაინფიცირდა, 23 მაისს – 9 434, 22 მაისს – 8894, 21 მაისს – 8849 20 მაისს – 8764, 19 მაისს – 9 623, 18 მაისს – 8926, 17 მაისს – 9 709, 16 მაისს – 9 200. მანამდე, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში დაავდებით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 10 000–ს აჭარბებდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19–მა 3 541 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 344 481 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 113 299 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 344 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 410 000–ს გადააჭარბა, 2 255 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 730-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 522 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


