Accentnews.ge
რა დაგიჯდებათ ავიაბილეთი Covid-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ

რა დაგიჯდებათ ავიაბილეთი Covid-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ

22/05/2020 10:41:06 მსოფლიო

როგორც წესი, თვითმფრინავით მგზავრობის საფასური პერიოდულად იცვლება. თუმცა პანდემიის გამო მსოფლიოში რადიკალური ცვლილებები მოხდა, რომელიც, რა თქმა უნდა, ავიაბილეთების ფასზეც აისახება.

Covid-19-ის​ პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო არაერთი ავიაკომპანია იძულებული გახდა, შეემცირებინა სერვისები და თანამშრომლების რაოდენობა. გარდა ამისა, ზოგიერთმა მათგანმა თავი გაკოტრებულადაც გამოაცხადა.

სპეციალისტების პროგნოზით, მას შემდეგ რაც საერთაშორისო ფრენები სრულად აღდგება თვითმფრინავით მგზავრობის საფასური უახლოეს მომავალში სავარაუდოდ, მცირედით გაიზრდება. თუმცა, მათივე შეფასებით, ფასები ზრდას თანდათან განაგრძობს.

როგორც აშშ–ის Moonfish–ის [კომპანია, რომელიც ავიაბილეთების ფასების გლობალურ ცვლილებებს აკვირდება] აღმასრულებელი დირექტორი ჯორჯ ზენგი აცხადებს, ბილეთის ფასი პანდემიის პირობებშიც კი გაძვირდა.

„შიდა ფრენებზე ფასები 8%–ით გაიზარდა, საერთაშორისოზე კი – 18%–ით. სავარაუდოდ, ფასების ზრდა გაგრძელდება მანამდე, სანამ ფრენების რაოდენობა პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელს არ დაუბრუნდება. ჩემი აზრით, ამას დაახლოებით 3 წელი დასჭირდება“, – განაცხადა ზენგმა.

მისივე თქმით, ფასების ზრდის ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი იქნება ის გარემოება, როგორ განათავსებენ მგზავრებს თვითმფრინავში.

პანდემიის გამო არაერთმა ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, გაეუქმებინა თვითმფრინავის შუა ადგილები. აღნიშნულის მიზეზად სოციალური დისტანციის დაცვა დასახელდა. ამ ნაბიჯმა, რა თქმა უნდა, ავიაკომპანიას ბილეთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად შეუმცირა.

როგორც საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია (IATA) აცხადებს, თუ კი ავიაკომპანიებს მგზავრთა რაოდენობის მესამედით შემცირება მოუწევთ, მაშინ ისინი ავიაბილეთის ფასს დაახლოებით 50%-ით გააძვირებენ.

"კომპანიები, რომლებიც თვითმფრინავის შუა ადგილებს გააუქმებენ, ზარალის თავიდან ასაცილებლად, იძულებულები იქნებიან ბილეთის ფასი 43–დან 54%–მდე გაზარდონ. ეს, რა თქმა უნდა, დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნება ძალიან ბევრი მოგზაურისთვის. ეს საკითხი ისე უნდა გადაიჭრას, რომ მგზავრსაც მოგზაურობის სურვილი არ გაუქრეს და ავიაკომპანიაც არ დაზარალდეს. ერთი მეორეს გარეშე სარგებელს არ მოგვიტანს“, – აცხადებს IATA–ს გენერალური დირექტორი ალექსანდრე დე იუნიაკი.

ცნობისთვის: მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა საერთაშორისო ფრენების აღდგენას მომავალი თვიდან გეგმავს. მთავრობები ფრენების აღდგენის შემდგომ აეროპორტებისა და ავიაკომპანიების მხრიდან სპეციალური უსაფრთხოების წესების დაცვას მოითხოვენ. ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება ნიღბების სავალდებულო ტარებაა. ამასთან, სავალდებულო გახდება დისტანციის დაცვა როგორც აეროპორტში მდებარე მაღაზიებსა და საკვებ ობიექტებში, ისე ბარგის შემოწმების ზონაში და საპასპორტო კონტროლის დახლთან. სოციალური დისტანციის უზრუნველსაყოფად აეროპორტებმა და ავიაკომპანიებმა უნდა შექმნან შესაბამისი წინაპირობები: ხელახლა დაგეგმონ არსებული სივრცეები და გაზარდონ გამშვები ზოლების რაოდენობა.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანა უცხოელი ვიზიტორების მისაღებას 1 ივლისიდან გეგმავს. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, 36 ავიაკომპანიიდან 20-მა ფრენების აღდგენის სურვილი უკვე გამოთქვა.

წყარო: bestlifeonline

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S