Accentnews.ge
აშშ "ღია ცის შეთანხმებას" ტოვებს

აშშ "ღია ცის შეთანხმებას" ტოვებს

21/05/2020 16:43:56 მსოფლიო

აშშ "ღია ცის შეთანხმებას" ტოვებს. ამის შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზად "რუსეთის მიერ შეთანხმების არაერთხელ დარღვევის ფაქტი" სახელდება. შეერთებული შტატების მაღალი რანგის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეთანხმებიდან გამოსვლას 6 თვე დასჭირდება.

ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მოსკოვი უკვე გამოეხმაურა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულს "ძალიან სამწუხარო ფაქტი" უწოდა.

ცნობისთვის: "ღია ცის ხელშეკრულება" 1992 წელს ჰელსინკიში მიიღეს და იგი ითვალისწინებს სამხედრო სადაზვერვო ინფორმაციის ლეგალურად მოპოვებას ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის. დოკუმენტზე ხელი 35 ქვეყანას აქვს მოწერილი. მათ შორისაა საქართველო, მისი მეზობლებიდან კი რუსეთის ფედერაცია და თურქეთი. ხელშეკრულება ძალაში 2002 წელს შევიდა და წევრი ქვეყნები ერთმანეთის ნებართვით, ე.წ. საკონტოლო ფრენებს ხელმომწერი ქვეყნების ტერიტორიებზე ლეგალურად ახორციელებენ. ამ ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო და რუსეთი პერიოდულად ახორციელებდნენ ფრენებს ერთმანეთის ისევე, როგორც სხვა ხელშემკვრელი ქვეყნების ტერიტორიებზე დაზვერვის მიზნით. საქართველომ ბოლო ასეთი სადაზვერვო გაფრენა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ცნობილია, რომ 2008 წლის ომამდე, ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში განახორციელა ამერიკელ კოლეგებთან ერთად.

ამჟამად ფრენები ხელშეკრულების წევრ 35–ივე სახელმწიფოში დაბლოკილია და რუსეთი ამ დაბლოკვაში საქართველოს ადანაშაულებს. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების განცხადებით, „საქართველო ხელს უშლის წევრებს სადაზვერვო ფრენების განხორციელებას სხვადასხვა ქვეყანაში“. "ღია ცის შეთანხმება" არაწევრი ქვეყნების ტერიტორიებზე ფრენებს კრძალავს. აგვისტოს ომიდან და რუსეთის ფედერაციის მიერ "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარებიდან ორი წლის შემდეგ – 2010 წელს, რუსეთის ფედერაციამ ხელშემკვრელ ქვეყნებს მოსთხოვა სადაზვერვო ფრენების შეწყვეტა "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის" მიმართულებით და ეს ახსნა "ღია ცის შეთანხმების" მეექვსე პუნქტის მეორე ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, "ქვეყნებს არ აქვთ ფრენების განხორციელების უფლება ხელშეკრულების არაწევრი ქვეყნის საჰაერო სივრცეში" (ამ შემთხვევაში, რუსეთმა აქ იგულისხმა მის მიერვე ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S