„AstraZeneca“: „კორნავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა, სექტემბრისთვის იყოს მზად“
21/05/2020 13:35:15 მსოფლიო
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია „AstraZeneca“ აცხადებს, რომ ახალი კორნავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა, მიმდინარე წლის სექტემბრისთვის იყოს მზად.
კომპანიის განცხადებით, ვაქცინაზე მუშაობა ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად მიმდინარეობს.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევები. ჩვენ იმასაც ვაცნობიერებთ, რომ შესაძლოა, ვაქცინამ არ იმუშავოს. თუმცა წარმატების შემთხვევაში გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ წლის ბოლოსთვის ვაქცინის 1 მილიარდი დოზა ვაწარმოოთ“, – აცხადებენ „AstraZeneca“–ში.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 329 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 090 000–ს გადააჭარბა, 2 026 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. მსოფლიოში კორონავირუსის საწინაღმდეგო 80–ზე მეტ ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 721-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 485 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


