
მაჭავარიანი განმარტავს, ვის გადაუვადდება საბანკო სესხები
21/05/2020 08:44:47 ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, საბანკო სესხები დამატებით სამი თვით იმ ფიზიკურ პირებსაც გადაუვადდებათ, რომლებსაც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პერიოდში მკვეთდრად შეუმცირდათ შემოსავალი და გადახდის პრობლემა აქვთ.
მისივე თქმით, აღნიშნულ ფიზიკური პირების გადახდისუნარიანობას ბანკები შეაფასებენ.
„თქვენ იცით, რომ სესხები სამი თვით იყო გადავადებული პრაქტიკულად ყველა ფიზიკურ პირზე ისე, რომ არ მოხდა მათი კაპიტალიზაცია ანუ პროცენტის დარიცხვა. ამ ეტაპზე ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ბანკებთან და გუშინ შევჯერდით შემდეგ მოდელზე, რომ ისინი ერთი მხრივ, იმ ადამიანებზე, ვისზეც ჩვენ საკომპენსაციო პაკეტს გავცემთ, ავტომატურად გადაუვადებენ იგივე პირობებით და გარდა ამისა, თვითონ შეაფასებენ და ნახვენ გადახდისუნარიანობის მიხედვით, ანუ ვისაც შეუწყდა შემოსავალი ან მკვეთრად შეუმცირდა და გადახდის პრობლემა აქვს, ასევე თავიანთ ინფორმაციაზე დაყრდნობით იგივე პირობებით გადაუვადებენ სამი თვით, კაპიტალიზაციის გარეშე“, - განაცხადა მაჭავარიანმა.