
თურნავას ინფორმაციით, გურიაში ამერიკული ინვესტიციით ჰიდროელექტროსადგური აშენდება
21/05/2020 08:39:04 ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, გურიაში ამერიკული ინვესტიციით ჰიდროელექტროსადგურის „ბახვი 1“ პროექტის განხორციელება იგეგმება.
„მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ და მოვიწონეთ ენერგეტიკული პროექტი: ეს არის „ბახვი 1“-ის მცირე ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, 12 მეგავატი, გურიაში ჩოხატაურის რაიონში. ეს პროექტი მნიშვნელოვანია ჩვენთვის არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქართული წარმოებაა, ადგილობრივი ელექტროენერგია, მწვანე ენერგია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის სულ მცირე 20 ადამიანის სამუშაო ადგილი, რომელიც შეიქმნება გურიაში, არამედ მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ეს პროექტი განხორციელდება აშშ-ის ინვესტიციებით. პროექტის ინიციატორი გახლავთ აშშ-ის ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო ფონდი „ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტი“. უფრო სწორად, მისი აფილირებული კომპანია „ცერბერუს ფრონტიერი“, რომელიც ახორციელებს საქართველოში ენერგეტიკის სფეროში პროექტებს. ეს იქნება ამ კომპანიის მე-5 პროექტი ენერგეტიკის სფეროში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკულ კომპანიას და ინვესტორებს აქვთ სურვლი გააფართოვონ თავისი ინვესტიციები საქართველოში, მიუხედავად კორონავირუსისა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთან არსებული საინვესტიციო გარემო არის ძალიან მიმზიდველი სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი ინვესტორებისთვის და მათ შორის ამერიკელებისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს პეროდში პროექტი შესწავლის ეტაპიდან გადავიდეს მშენებლობის ეტაპზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.