ECDC: "ევროპა Covid-19–ის მეორე ტალღისთვის უნდა მომეზადოს, ახლა მოდუნების დრო არ არის"
20/05/2020 14:22:12 მსოფლიო
დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) დირექტორის ანდრეა ამონის განცხადებით, ევროპამ Covid-19-ის ახალი ტალღისთვის მზადება უკვე უნდა დაიწყოს.
„ის, რომ პანდემიის მეორე ტალღა იქნება, უკვე ნათელია. ჩემი აზრით, ახლა საკითხავი ისაა, რამდენ ხანს გაგრძელდება და რამდენად ძლიერი იქნება. დავაკვირდეთ ვირუსის ხასიათს, ნაადრევია საუბარი პოპულაციურ იმუნიტეტზე. Covid-19 ჩვენს გარშემოა და ცირკულირებს გაცილებით მეტად, ვიდრე ეს იანვარში და თებერვალში იყო. არ მინდა მომავალი შავ ფერებში დავხატო, მაგრამ, ვფიქრობ, რეალისტები უნდა ვიყოთ. ახლა ნამდვილად არ არის სრულად მოდუნების დრო“, – აცხადებს ამონი.
მისივე თქმით, პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ ევროპის ქვეყნებმა თავიანთი საავადმყოფოების მზადყოფნა ხელახლა უნდა შეამოწმონ.
„სამოქმედო გეგმა, რომლითაც ესა თუ ის კლინიკა აქამდე მუშაობდა, აუცილებლად საჭიროებს განახლებას, რათა საავადმყოფოები დარწმუნდნენ, რომ აქვთ საწოლების საჭირო რაოდენობა, განსაკუთრებით კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში“, – აცხადებს ამონი.
მისივე თქმით, წინასწარ მიღებული ზომების წყალობით, ვირუსს ნაკლები ადამიანი ემსხვერპლება:
„რაც უფრო მეტად ვიქნებით მომზადებულები, მით უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. წინასწარი მომზადება, რომ აუცილებელია ამის ერთ–ერთი თვალსაჩინო მაგალითი ჩრდილოეთ იტალიაში განვითარებული მოვლენებია".
ამონი თვლის, რომ მსოფლიოს ახალ კორონავირუსთან ბრძოლა დიდი ხნის განმავლობაში მოუწევს:
„არ ვიცი სამუდამოდ დარჩება თუ არა ეს ვირუსი ჩვენთან, მაგრამ ერთი რამ ნათელია, რომ Covid-19 მალე არ გაქრება. ამ ვირუსმა იმსხვერპლა ის ხალხიც, რომლებიც სრულიად ჯანმრთელნი იყვნენ და არ ჰქონდათ არანაირი თანმხლები დაავადებები“, – განაცხადა ამონმა და მოქალაქეებს ექიმებისა და მთავრობების შესაბამისი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში Covid-19–მა 158 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. სიკვდილიანობის მაჩვენებლით პირველ ადგილს დიდი ბრიტანეთი იკავებს, მეორეს – იტალია, მესამეს – საფრანგეთი.
შეგახსენებთ, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში ახალი კორონავირუსის შემთხვევების შემცირების შემდეგ შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყეს. სპეციალისტები მოსახლეობას სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის ნორმების დაცვისკენ მოუწოდებენ.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 325 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 000 000–ს გადააჭარბა, 2 000 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. მსოფლიოში კორონავირუსის საწინაღმდეგო 20–ზე მეტ ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა მეცნიერების გათვლებით, იგი შესაძლოა, 2021 წლამდე არ იყოს მზად.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 713-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 475 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


