რუსეთში COVID-19-თან მებრძოლი უკმაყოფილო მედიკოსები “ექსტრემისტული საქმიანობის დაუშვებლობის” შესახებ გააფრთხილეს
20/05/2020 10:25:26 მსოფლიო
რუსეთში კორონავირუსთან მებრძოლი მედმუშაკები “ექსტრემისტული საქმიანობის დაუშვებლობის” შესახებ გააფრთხილეს. სწორედ ასე – “ექსტრემისტულ საქმიანობად” შეფასდა მედპერსონალის ჩივილი პრეზიდენტ პუტინის მიერ დაპირებული სახელფასო დანამატების არგაცემასთან დაკავშირებით კრასნოდარის მხარის აბინის რაიონში, სადაც პოლიციამ ხსენებული გაფრთხილება რაიონული საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების სადგურის თანამშრომლებს მისცა, - იუწყება ინტერნეტ-რესურსი Znak.com.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის თანამშრომლებმა ჟურნალისტებს ვიდეომიმართვა გაუგზავნეს, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია, რომ პრეზიდენტის მიერ 18 მაისისთვის დაპირებული დანამატები არათუ არ მიუღიათ, არამედ კლინიკის ხელმძღვანელობამ განუცხადათ, “არაფერი გეკუთვნითო”.
ვიდეომიმართვის გავრცელებიდან მალევე ისინი პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს და გადასცეს წერილობითი გაფრთხილება იმის შესახებ, რომ “მასობრივი აქციების გამართვისას აკრძალულია ექსტრენისტული ატრიბუტიკის გამოყენება და ექსტრემისტული მასალების გავრცელება”.
Znak.com-მა კომენტარისთვის როგორც საავადმყოფოს ხელმძღვანელობას, ისე პოლიციას მიმართა, თუმცა ორივე უწყებაში დუმილს ინარჩუნებენ.
ცნობისთვის: ბოლო ორი კვირის განმავლობაში ანალოგიური ჩივილები პუტინის მიერ კორონავირუსთან ბრძოლის წასახალისებლად დაპირებული სახელფასო დანამატების ვერმიღების შესახებ რუსეთის სხვა რეგიონებში მომუშავე მედიკოსებისგანაც მოდის.
გუშინ ეპიდემიასთან ბრძოლის საკითხებისადმი მიძღვნილ თათბირზე თავად პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაპირებული დანამატების დროულად და სრულად ვერგაცემაზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. "მთავრობის დადგენლებაში რომ იმთავითვე ნათლად, მკაფიოდ, გამჭვირვალედ ყოფილიყო გაწერილი საგანგებო პირობებში მუშაობისთვის განსაზღვრული ადვილად კონტროლირებადი პრინციპები, კლინიკებისა და რეგიონების ადმინისტრაციების მიმართ ნაკლები კითხვა იქნებოდა” – აღნიშნა მან.


