
"Traveltimes": "საქართველო ცდილობს, გახდეს პირველი ევროპული ქვეყანა, რომელიც მკაცრი შეზღუდვების შემდეგ უცხოელი ტურისტებისთვის კარს გახსნის"
20/05/2020 07:36:52 ეკონომიკა
საქართველო, რომელიც საერთაშორისო სამოგზაურო მედიამ მომხიბლავ ტურისტულ ლოკაციად სცნო, ცდილობს, გახდეს პირველი ევროპული ქვეყანა, რომელიც თვეების განმავლობაში მკაცრი შეზღუდვების შემდეგ, გახსნის თავის კარს უცხოელი ტურისტებისთვის, – ამის შესახებ Traveltimes–ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.
"უძველეს ქვეყანას, რომელიც შავი ზღვიდან გაშლილია ველური ბუნებით მდიდარ კარპატების ალპურ მაღალმთიან რეგიონამდე, COVID-19-სგან მხოლოდ 12 გარდაცვლილი ჰყავს, რაც ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ქვეყნის წარმატებამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეზღუდვების ადრეულ ეტაპზე მოხსნის იმედი გააჩინა. დედაქალაქი თბილისი, ცნობილი როგორც ღვინის დამზადების აკვანი, მნიშვნელოვანი გაჩერება იყო ცნობილ აბრეშუმის გზაზე, რაც ასახულია ბაზრებში, მუზეუმებსა და ძეგლებში. საქართველო ასევე ცნობილია კარგი საკვებით, “კვალს აცდენილი" თავგადასავლებითა და ეკომეგობრული ტურიზმით.
დედაქალაქში არსებული მაღაზიების უმეტესობა გაიხსნა კორონავირუსული შეზღუდვების თანდათანობითი შემსუბუქების შემდეგ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პირობა დადო, რომ 2020 წელს ქონების გადასახადისგან გაათავისუფლებდა ტურიზმის სექტორში მომუშავე ბიზნესებს და სესხის გაცემით დაეხმარებოდა იმ სასტუმროებს, რომლებმაც დიდი ინვესტიცია ჩადეს ტურიზმის განვითარებაში. გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ (UNWTO) დაადასტურა, რომ საქართველომ გადადგა ”ძალიან ფრთხილი და წარმატებული ნაბიჯები”, რათა საქართველო პირველი ქვეყანა ყოფილიყო მსოფლიოში, რომელიც საერთაშორისოდ გახსნიდა ტურიზმის ინდუსტრიას", – ნათქვამია სტატიაში.