Accentnews.ge
ორი შეზღუდვა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ მოიხსნება

ორი შეზღუდვა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ მოიხსნება

19/05/2020 11:24:12 საზოგადოება

საქართველოს პარლამენტი რიგი შეზღუდვების შენარჩუნებას საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების გზით გეგმავს. უცნობია, კონკრეტულად რა სახის შეზღუდვები დარჩება ძალაში, მაგრამ როგორც პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას მიერ დღეს გაკეთებული კომენტარიდან ვიგებთ, მათ შორის არ იქნება „კომენდანტის საათი“ და არც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.

გახარია ამბობს, რომ შეზღუდვების ერთბაშად მოხსნა უკვე მიღებულ ეპიდემიოლოგიურ სურათს რისკის ქვეშ დააყენებს და ამითაა განპირობებული საკანონმდებლო ცვლილებები.

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღეს ჩვენგან გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნებას მოითხოვდა. ევროპის ქვეყნებში ივლისამდე, სექტემბრამდეა გაგრძელებული. ჩვენ, სხვებთან შედარებით, COVID 19-ის რისკებს ვმართავთ ეფექტურად, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკის ამოქმედების გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, რისთვისაც ჩვენ უკვე მზად ვართ, მაგრამ არავინ იფიქროთ, რომ ჩვენ ან მსოფლიომ კოვიდი დავამარცხეთ, არა. არავინ იფიქროს, რომ ეკონომიკური კრიზისიდან უკვე გამოვედით, ან უკვე კონკრეტული ჰორიზონტები გვაქვს, რომ კრიზისი დამარცხებულია. ეს შეცდომა არ უნდა დავუშვათ. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული, თუ ჩვენი გაუაზრებელი, სწრაფი და ყოვლისმომცველი შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით ქვეყანას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ აღორძინების საქმეს შევიყვანთ რისკის ქვეშ. ამიტომ ჩვენ ეს შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარება და კომენდანტის საათი. ამიტომ, მივმართეთ პარლამენტს, რომ ეს შეზღუდვები იყოს გონივრული ეფექტური, და იყოს კონკრეტულ მიზნებზე მიმართული. გარდა ამისა, ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს საკონსტიტუციო პროცესი, ქვეყანამ უნდა მიიღოს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ჩვენ არჩევნების კონტექსტში გვჭირდება. ყველამ კარგად იცის, რომ დღეს მთავრობა ცდილობს და ეფექტურად პოულობს იმ ბალანსს, რომელიც არის ეპიდემიის რისკების მართვა, ეკონომიკის აღორძინება და, რა თქმა უნდა, ცოცხალი პოლიტიკური პროცესის შენარჩუნება“.

ცნობისთვის: საგანგებო მდგომარეობის ვადა 22 მაისს იწურება. ცნობილია, რომ მთავრობა პრეზიდენტს ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით არ მიმართავს, მაგრამ იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებები, რაც მთავრობას რიგი შეზღუდვების შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S