
რა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება იგეგმება რიგი შეზღუდვების შესანარჩუნებლად
18/05/2020 14:59:29 საზოგადოება
ტერმინების „იზოლაცია“ და „საკარანტინო ღონისძიებები“ კანონის დონეზე განსაზღვრა მოხდება. შესაბამისი ცვლილებები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე არიან.
როგორც კანონპროექტი განმარტავს, „იზოლაცია“ ნიშნავს ავადმყოფის, ინფიცირებული ან შესაძლო ინფიცირებული პირის განცალკევებას სხვა ადამიანებისგან დაავადების გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში, ისეთ ადგილას ან ისეთ პირობებში, რომელიც შეზღუდავს ან გამორიცხავს მისგან ამ დაავადების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით სხვა ადამიანზე გადადებას.
რაც შეეხება „საკარანტინო ღონისძიებებს“, კანონპროექტის თანახმად, ეს არის ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში, აგრეთვე ღონისძიებები, რომელიც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის, შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას, ასევე ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად.
ამასთან, კანონპროექტით ზუსტდება, რომ იზოლაციის ან კარანტინის წესით შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვა საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც, ამ შემთხვევაში, ამ წესის შემადგენელი ნაწილია.
ინიციატორები ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ:
„იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, კორონავირუსის მასობრივ გავრცელებასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, პროცესები უმართავი არ გახდეს და საქართველოს მთავრობასა და სხვა შესაბამის უწყებებს კვლავ ჰქონდეთ შესაძლებლობა, საჭირო ღონისძიებები სათანადოდ განახორციელონ, აუცილებელია, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი ნორმები დროულად იქნეს მიღებული და ამოქმედებული“.
ცნობისთვის: საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 23 მაისამდე მოქმედებს. ცნობილია, რომ მთავრობა საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივების მიზანით პრეზიდენტისთვის მიმართვას არ აპირებს, თუმცა გეგმავს რიგი შეზღუდვების შენარჩუნებას.