ანკარა ბერლინს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დასაჯოს ის „ავადმყოფები“, რომლებმაც მეჩეთის კარზე ღორის თავი დაკიდეს
18/05/2020 13:47:09 მსოფლიო
ანკარა ბერლინს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დასაჯოს ის პირები, რომლებმაც თურქული მეჩეთის კარზე ღორის თავი დაკიდეს.
„პანდემიისა და რამადანის წმინდა თვის განმავლობაშიც კი ევროპაში რასიზმი და ისლამოფობია გრძელდება. ამის უკანასკნელი მაგალითი გერმანიაში ჩვენს მეჩეთზე უმსგავსო თავდასხმის ფაქტია. ამ თავდასხმის დროს გამოყენებული სიმბოლო თავდამსხმელთა ავადმყოფურ აზროვნებაზე მიუთითებს. ამ ყველაფრის ჩამდენი პირები დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯონ“, – წერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ სოციალურ ქსელში.
როგორც თურქული მედია იუწყება, ინციდენტი გუშინ ქალაქ ვაიჰინგენში მოხდა.
შეგახსენებთ, რომ გერმანია დასავლეთ ევროპის რიგით მეორე ქვეყანაა, სადაც ყველაზე მეტი მუსლიმი ცხოვრობს. სადღეისოდ გერმანიაში მცხოვრები 80 მლნ ადამიანიდან, 4,7მლნ მუსლიმია, მათ შორის 3 მილიონი თურქია.


