პუტინმა რუსეთს «ცალკე მდგომი ცივილიზაცია» უწოდა
18/05/2020 09:51:54 მსოფლიო
"გაჩნდა ახალი ტექნოლოგიები, რომელიც მსოფლიოს უკვე ცვლის. ყველა ეს მიმართულება – უპილოტო ტექნიკა, გენეტიკა, მედიცინა, განათლება – იქცევა იმ ბაზად, რომელზე დაყრდნობითაც ქვეყანა განვითარდება", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო ტელეარხ "Россия-1”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში და რუსეთს, როგორც “ცალკე მდგომ ცივილიზაციას”, უახლოესი ტექნოლოგიების საფუძველზე განვითარება უწინასწარმეტყველა.
"Интерфакс"-ის ცნობით, პუტინის ინტერვიუ ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში ჩაიწერა, მაგრამ ეთერში მხოლოდ ახლა გავიდა.
“რუსეთი უახლესი ტექნოლოგიების საფუძველზე უნდა განვითარდეს. სხვა შემთხვევაში ჩვენი ცივილიზაციის განვითარების უზრუნველყოფა შეუძლებელია. რუსეთი – ეს უბრალოდ ქვეყანა არ არის, ეს რეალურად ცალკე მდგომი ცივილიზაციაა და თუ მისი შენარჩუნება გვსურს, განვითარებაში აქცენტი სწორედ მაღალ ტექნოლოგიებზე უნდა გავაკეთოთ. რუსეთმა თვალი უნდა ადევნოს იმას, რაც სხვა ქვეყნებში ხდება, მაგრამ არ დაივიწყოს საკუთარი ბაზა: მის გარეშე არასოდეს გვექნებოდა იარაღის ის მაღალტექნოლოგიური სახეობები, რომლებიც სადღეისოდ ჯერ მსოფლიოს არც ერთ სხვა ქვეყანას არ გააჩნია. ახლა აუცილებელია, არა მარტო მოვახდინოთ ამ მიღწევების ტრანსფორმირება სამოქალაქო სფეროებში, არამედ დავეყრდნოთ წინა თაობების მიღწევებს. ჩვენ ისინი ყოველთვის გვქონდა, ახლაც გვაქვს და არა მარტო სამხედრო, არამედ სამოქალაქო სფეროებშიც” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.


