
covid-19-ის პანდემიის პერიოდში საქართველოში 200-ზე მეტი მეზღვაური დაბრუნდა
18/05/2020 08:35:14 ეკონომიკა
covid-19-ის პანდემიის პერიოდში საქართველოში 200-ზე მეტი მეზღვაური დაბრუნდა,– ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო იუწყება.
უწყების ცნობით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ათეულობით მეზღვაურის ქეისს სწავლობს და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უცხოეთის ქვეყნებში საქართველოს საელჩოებთან აქტიური თანამშრომლობით ხელს უწყობს ქართველი მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნების პროცესს.
როგორც სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი აცხადებს, დღეს მეზღვაურები პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან და თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ვირუსთან ბრძოლაში: საზღვაო ტრანსპორტით მსოფლიო ტვირთების 90% გადაიზიდება და შექმნილი კრიზისის გამო მეზღვაურებს ურთულეს პირობებში უწევთ მუშაობა, რომ მსოფლიო ლოგისტიკურმა ჯაჭვმა შეუფერხებლად იმუშაოს.
„ამ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მეზღვაურების როტაციისა და რეპატრიაციის პროცესი მაქსიმალურად შეუფერხებლად განხორციელდეს. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გაქვს საკრუინგო და გემთმფლობელ კომპანიებთან გემებზე ეკიპაჟის ქართველი წევრების როტაციის უზრუნველსაყოფად. მათი სამშობლოში ტრანსპორტირების ორგანიზებისათვის ბევრი ფაქტორი და დეტალია გასათვალისწინებელი და შესათანხმებელი პროცესში ჩართულ სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის გემთმფლობელებთან და იმ ქვეყნების მთავრობებთან, რომელთა ტერიტორიაზეც ხდება მეზღვაურთა გადაადგილება", - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა.