კრემლის პროპაგანდა მოქმედებაში: შეიქმნა სახელმძღვანელო «ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე”
15/05/2020 10:05:12 მსოფლიო
რუსეთის მიერ ანექსირებულ ლუგანსკში ახალი სასკოლო სახელმძღვანელოს – “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე” პრეზენტაცია გაიმართა.
კრემლის დაკვეთით შექმნილი წიგნის ავტორები – დიმიტრი კრისენკო და გალინა კოროლიოვა ირწმუნებიან, რომ “სახელმძღვანელო მოგვითხრობს ლუგანსკის მხარეზე მსოფლიო ისტორიის ფონზე, უძველესი დროიდან დღეის ჩათვლით”.
«ჩვენი სამშობლოს ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 100 ათასი წლის წინ დაიწყო», — ნათქვამია წიგნში.
ავტორების შეფასებით, მათ 2014 წლის მოვლენებისა და “ახალი სუვერენული სახელმწიფოს ჩამოყალიბების მიზეზების გაანალიზებაც მოახერხეს”.
“სახელმძღვანელოში დეტალურადაა განხილული და არგუმენტირებულად უარყოფილი მითები, რომლებსაც უკრაინის ისტორიის სახელმძღვანელოებში ვხვდებით. ჩვენს წიგნში ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ისტორია რუსეთის ისტორიისა და რუსეთთან ინტეგრაციის კონტექსტშია განხილული. უკრაინული ნაციონალიზმის იდეებისგან განსხვავებით, ჩვენი სახელმძღვანელო აგებულია, უპირველესად, მეგობრობისა და შენების იდეოლოგიაზე. ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინელ ხალხს მტრად არ ვთვლით, არამედ ისეთივე რუს ადამიანებად მივიჩნევთ, როგორებიც ჩვენ ვართ – უბრალოდ მოტყუებულად, ვაძლევთ მას უკეთესი მომავლის შანსსა და იმედს და ვუწვდით მეგობრობის ხელს», — განაცხადა პრეზენტაციაზე კრისენკომ.
ვარაუდობენ, რომ 500-გვერდიანი “ნაშრომი” 1000-იანი ტირაჟით გამოიცემა და სასკოლო ბიბლიოთეკებს დაურიგდება.


